შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.
ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 1,7%-ს გაუთანაბრდა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ორ წელში „სამუშაო სიღარიბე“ ორჯერ შემცირდა, ხოლო 12 წელიწადში, ანუ 2012 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ (4,7-ჯერ).
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქართველოში „სამუშაო სიღარიბის“ მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. ILO-ს მონაცემების მიხედვით, 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%, ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.
ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში, რა პერიოდშიც „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, 2024 წლის მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი 59-ე დასაქმებული პირია (1,7%), რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.