სამომავლოდ რუსეთთან უკრაინის ომის დაწყების შესაკავებლად ერთადერთი გზა მისი NATO-ში გაწევრიანებაა, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის ხელისუფლებაში შესაძლოა რევანშისტული ძალები მოვიდნენ, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება შურისძიების მიზნით ომის ინიციირება მოახდინონ, თუ კიევი NATO-ში არ იქნება.

ამის შესახებ კულებმა „კიევ ინდეპენდენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კულებამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების დარბაზიდან უკმაყოფილოები თუ გამოვლენ, ეს ორივე მხრიდან რევანშიზმს გამოიწვევს.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის მიმართ უკრაინის პოტენციური რევანშისტული პოლიტიკა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს და არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ეს შეიძლება არალოგიკურად ჩანდეს, მაგრამ ერთადერთი გზა უკრაინის შესაკავებლად რუსეთთან ომის დაწყებისგან არის მისი NATO-ში წევრობა, რომ ის სამართლებრივი ვალდებულებებით შეიბოჭოს და არ დააყენოს თავისი მოკავშირეები რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე“, – განმარტა დმიტრო კულებამ.

ყოფილმა მინისტრმა დაამატა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების შემდეგი თაობა სრულად იქნება ფოკუსირებული ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე, მაგრამ მათი შემდგომი თაობა, მისი თქმით, ხელისუფლებაში მოვა რუსეთის მიმართ რევანშისტული ლოზუნგებით.

„ტერიტორიების დაბრუნება, რუსეთის იძულება, საბოლოოდ გადაიხადოს საფასური. ეკონომიკურად ფეხზე როდესაც წამოვდგებით, დაინახავთ, როგორ გათამაშდება ეს არგუმენტები შიდა პოლიტიკაში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამავდროულად, მან აღიარა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უკრაინის NATO-ს წევრობის გარეშეც, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა, მისი აზრით, არ ნიშნავს ომის დასრულებას.

1tv.ge