საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის  კლემენტ ბონეს განცხადებით, მომზადდა წინადადება რომელიც ევროკავშირში საჰაერო მოგზაურობის მინიმალური ფასის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიება მინისტრის თქმით, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ხორციელდება.

European Truth-ის ცნობით, ამის შესახებ ბოუნმა ფრანგულ ყოველკვირეულ L'Obs-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ წინადადებას საჰაერო მგზავრობის მინიმალური ფასის დაწესების შესახებ ევროკავშირში კოლეგებს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

კლემენტ ბონეს თქმით, მაშინ როდესაც პლანეტა ეკოლოგიურად გარდამავალ პერიოდშია 10 ევროიანი ავიაბილეთები, არ შეესაბამება იმ ფასს, რომელსაც პლანეტა იხდის. მინისტრის განცხადებით, ის ღიად გამოდის მოწოდებით, რომ შესაბამისად დაიბეგრონ ის საქმიანობები, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, რათა ინვესტირება მოხდეს ეკოლოგიაში.

მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა ასევე გეგმავს გადასახადის გაზრდას გამავალ ფრენებზე, რათა გაიზარდოს ინვესტიციები სარკინიგზო ტრანსპორტში.

პარიზის ინიციატივა ძირითადად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე იმოქმედებს. ყველაზე სწრაფი და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის დაბალი ფასების გამო, ისინი გახდნენ წარმატებული კომპანიები ევროკავშირში. ამავდროულად, მათი დაბალი ტარიფები ზოგჯერ ვერ ფარავს ხარჯებს.

საჰაერო მოგზაურობა იწვევს უფრო მეტ სათბურის გაზების გამოყოფას, მატარებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის მაისში საფრანგეთში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც კრძალავს შიდა ფრენებს იმ მოგზაურობებისთვის, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ორნახევარ საათზე ნაკლებ დროში მატარებლით. მიზანი ფრენების შემცირებით ავიაციის მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა.