59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 12 მაისს წარდგება.
გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს.
მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, - ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს - ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.
რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია
სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ.
რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა.
გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია.
საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა.
მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა.
დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა.
რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ.
ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
1tv.ge