საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი რყევა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მიწისძვრების სერია დაიწყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 21:10 საათზე მოხდა.

მანამდე, დღის საათებში კუნძულზე, საშუალოდ, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შუადღის შემდეგ, მხოლოდ 20 წუთში 4-დან 4.8 მაგნიტუდამდე სიმძლავრის რვა მიწისძვრა მოხდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკიდურესად რთულ გეოლოგიურ ფენომენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო ოპტიმისტური განწყობაა, ვიდრე გუშინ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საფრთხის გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

1tv.ge