საბერძნეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სანტორინისა და მიკონოსზე საკრუიზო ხომალდების ვიზიტორებისთვის 20 ევროს ოდენობის მოსაკრებლის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. მოსაკრებლის დაწესება მიმართული იქნება ამ კუნძულებზე ჭარბი ტურიზმის თავიდან ასაცილებლად.

როგორც პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, ჭარბი ტურიზმი პრობლემას საბერძნეთის მხოლოდ რამდენიმე ტურისტული მიმართულებისთვის წარმოადგენს.

„საბერძნეთს არ აქვს ჭარბი ტურიზმის სტრუქტურული პრობლემა. ზოგიერთ მიმართულებაზე ეს საკითხი აქტუალურია მხოლოდ წლის კონკრეტულ კვირებსა ან თვეებში, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. საკრუიზო მიმოსვლა ტვირთად დააწვა სანტორინისა და მიკონოსს და სწორედ ამიტომ ჩვენ მივმართავთ ინტერვენციულ ზომებს“, -განაცხადა მიცოტაკისმა.

მისი თქმით, საკრუიზო მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს მოხმარდება. მთავრობა ასევე გეგმავს გარკვეულ ტურისტულ ადგილებში საკრუიზო ხომალდების რაოდენობის დარეგულირებას. როგორც მიცოტაკისმა აღნიშნა, საბერძნეთი ასევე აპირებს, ათენში გაზარდოს საცხოვრებლის მოკლევადიანი პერიოდით ქირაობის გადასახადი და აკრძალოს მოკლევადიანი იჯარის ახალი ლიცენზიების გაცემა.

2023 წელს ტურიზმის შემოსავალმა საბერძნეთში 20 მილიარდი ევრო შეადგინა. ქვეყანას დაახლოებით 31 მილიონი ტურისტი ესტუმრა.

1tv.ge