28 ესტონურმა საფეხბურთო კლუბმა უეფა-ს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომლითაც ისინი რუსული კლუბებისთვის „სოლიდარობის თანხების“ გადახდის შეწყვეტას ითხოვენ.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ეგიდით გამართული ყველა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების ჩახსნის თაობაზე. თუმცა, უეფა, ამავდროულად, აგრძელებს რუსული კლუბებისთვის „სოლიდარობის თანხების“ გადახდას.
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ, უეფა-ს მიერ რუსეთისთვის გადახდილმა საერთო თანხამ უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, გადახდების შეჩერება აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციაში შედის. ამ მიმართვის მიზანია, შევთავაზოთ უეფა-ს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - წერს ესტონეთის მეორე ლიგის კლუბის, „ტარტუ ველკოს“ გამგეობის თავმჯდომარე, მარტ რაამატი მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
„საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან გუშინ ფიფა-ს გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი საერთაშორისო ფეხბურთში უნდა დაბრუნდეს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ამ საკითხს თებერვლის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე განიხილავს“, - აცხადებს რაამატი.
ერთობლივ მიმართვას ხელი სულ 28-მა ესტონურმა კლუბმა მოაწერა, მათ შორის არიან ტალინის „ლევადია“, „პაიდე ლინამეესკონდი“, ტარტუს „ტამეკა“, „ჰარიუ ლააგრი“, პიარნუს „ვაპრუსი“ და „ნოიმე იუნაიტედი“. ყველა მათგანი მიმდინარე სეზონში ესტონეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.
„ხელმომწერი კლუბები მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის თანხების გადახდა ცინიკურია და შეუთავსებელია ევროპული საფეხბურთო საზოგადოების ეთიკურ პრინციპებთან“, - მიიჩნევს რაამატი.
„ვიმედოვნებთ, რომ ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, აივარ პოლაკი, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში ესტონეთს წარმოადგენს, ასევე მხარს დაუჭერს რუსეთისთვის გადახდების შეწყვეტას და ევროპულ საფეხბურთო ოჯახში რუსული საფეხბურთო კლუბების დაბრუნებას არ დაუშვებს“.
იანვარში, ამავე საკითხზე, ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა იყო ჩანიშნული. თუმცა, ის ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
ქვორუმისთვის, 110 დელეგატიდან, სულ მცირე, ორი მესამედის, ანუ 73-ის დასწრება იყო საჭირო. თუმცა, ყრილობაზე მხოლოდ 29 დელეგატი მივიდა.
მარტ რაამატიAuthor's submission
***
2022 წლის 28 თებერვალს, უეფა-მ და ფიფა-მ გადაწყვიტეს, რუსული კლუბებისა და ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა შეეჩერებინათ, ამასთან უეფა-მ თავის რიგებში რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) წევრობა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილებები 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება. წევრობის შეჩერების მიუხედავად, უეფა, რსკ-ს მეშვეობით, აგრძელებდა რუსული კლუბებისთვის ფინანსური სოლიდარობის კონტრიბუციების გადახდას შემდეგი ოდენობით:
2022/23 სეზონი: 3.305 მილიონი ევრო;
2023/24 სეზონი: 3.381 მილიონი ევრო;
2024/25 სეზონი: 4.224 მილიონი ევრო.
ამავდროულად, უეფა (უფრო ზუსტად, შვეიცარიული ბანკები, რომელთა მეშვეობითაც უეფა ტრანზაქციებს ახორციელებს) ბლოკავს სოლიდარობის თანხების გადახდებს უკრაინული კლუბებისთვის. უკრაინულმა გუნდებმა (მათ შორის, „ჩერნომორეცმა“, „მეტალურგმა“, „მეტალისტ 1925“-მა და სხვებმა) ოფიციალური საჩივრით მიმართეს უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს, რადგან შვეიცარიული ბანკების მიერ მათთვის სოლიდარობის თანხების გადახდა იმ მიზეზით შეფერხდა ან დაიბლოკა, რომ კლუბები „საომარ ზონაში“ ოპერირებენ.
წყარო: 1 არხი