2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთში გაკოტრებულად გამოცხადებული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 779-ს მიაღწია.

forbes.ru-ს ინფორმაციით, 12%-ით გაიზარდა იმ ორგანიზაციების რაოდენობაც, რომელთა მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო და 1800-ს მიაღწია.

Sherpa Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრა გალაკტიონოვას თქმით, სამშენებლო ინდუსტრიის კომპანიებისთვის, რომლებიც 2024 წელს გადახდისუუნაროდ გამოცხადდნენ, ეს პროცედურა შეიძლება დაწყებულიყო ერთი-ორი წლის წინ, რასაც მოჰყვა სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრი ზრდა. გარდა ამისა, 2022 წლის შემოდგომაზე გაუქმდა გაკოტრების მორატორიუმი. მისი თქმით, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობაზე ასევე მოქმედებს მუშახელის დეფიციტი.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში სამშენებლო ინდუსტრია მუშახელის დეფიციტს განიცდიდა, ექსპერტებმა ეს ქვეყანაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას დაუკავშირეს. ინფრასტრუქტურული კომპანიების ეროვნული ასოციაციის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის სამშენებლო ინდუსტრიაში პერსონალის დეფიციტი იქნება ინდუსტრიაში ჩართული მუშაკთა რეალური რაოდენობის დაახლოებით 15%.

„უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო ინდუსტრიაში მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრდებიან, რადგან ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ბაზრის რყევებზე და მომხმარებლების დროულ გადახდებზე“, - განუცხადა გაზეთს იურიდიული ფირმა ProLex-ის მმართველმა პარტნიორმა კონსტანტინე ლუშნიკოვმა.

ამასთან, ზოგადად, 2024 წლის პირველ ნახევარში, EFRSB-ის მონაცემებით, გაკოტრებული იურიდიული პირების რაოდენობა ყველა დარგიდან გაიზარდა 40%-ით - 4360-მდე.