გამოცემა The Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს უკრაინასთან ომისთვის გამოყენებული საარტილერიო ჭურვების დაახლოებით ნახევარს ჩრდილოეთ კორეა აწვდის.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონ საარტილერიო ჭურვს უგზავნის.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ საბრძოლო მასალის უმეტესობა გაუმართავია, მაგრამ რუსეთს მათი შედარებით მაღალი რაოდენობა "ფრონტზე წარმატებების მიღწევაში" ეხმარება.

The Times წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მიწოდებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებული გახდა.

გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება მას შემდეგ გაზარდა, რაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მანამდე, 19 ივნისს 24 წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, მათ შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლასა და მათ შორის თანამშრომლობის შესახებ.

წყარო: ტაბულა