რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში ქერჩის ხიდზე საპასპორტო კონტროლი შემოიღო. კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე მძღოლებსა და მგზავრებს დოკუმენტებს უმოწმებენ.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდრ ოვდიენკოს თქმით, გადაწყვეტილება რუსული სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირდება. ოვდიენკოს მტკიცებით, ისინი კონტრტერორისტულ ღონისძიებებს ატარებენ.

ოვდიენკო არ აზუსტებს, ოკუპირებულ ყირიმში კონტრტერორისტული ზომების მიღების საჭიროება კონკრეტულმა გარემოებამ გამოიწვია თუ არა.

ასევე არ არის ცნობილი, საპასპორტო კონტროლის რეჟიმი როდემდე გაგრძელდება.

2022 წლის 8 ოქტომბრის დილით ქერჩის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

მოგვიანებით, 2023 წელს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დაადასტურა, რომ იერიში მათ მიიტანეს. უკრაინა ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო მიზნად მიიჩნევს.

წყარო: ტაბულა