რუსეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილის, ტიმურ ივანოვის წინააღმდეგ ქრთამის აღების ბრალდებით კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედიები, ТАСС და РИА Новости საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ТАСС-ის თანახმად, საქმე 2025 წლის მაისის ბოლოს აღიძრა.

გამოცემა ასევე წერს, რომ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის აღძღული, რომელიც თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას მოიაზრებს.

ბრალდების მხარის თანახმად, ივანოვმა Олимпстрой-ის ხელმძღვანელისგან, ალექსანდრ ფომინისგან 152 მილიონზე მეტი რუბლის ღირებულის ქრთამი აიღო.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ივანოვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლანგვა წარედგინა ბრალად.

ივანოვი 2024 წლის აპრილში განსაკუთრებით დიდი ქრთამის, 1.2 მილიარდი რუბლის, აღების ბრალდებით დააკავეს. ბრალდების თანახმად, ივანოვმა "მესამე პირებთან შეთანხმება დადო", რათა "თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის საკონტრაქტო და საქვეკონტრაქტო სამუშაოების ჩატარებისას ქონებრივი მომსახურების სახით" ქრთამი აეღო.

ივანოვი მინისტრის მოადგილის პოსტზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს შენობებისა და სამხედრო იპოთეკის შენებას, გარემონტებასა და რეკონსტრუქციას, ასევე უზრუნველყოფდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამედიცინო და საცხოვრებელ უზრუნველყოფას.

2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მაისში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაკარგა სერგეი შოიგუმ. ის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავებების ტალღა 2024 წლის აპრილში დაიწყო. დააკავეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის რუსეთის გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მოადგილე ვადიმ შამარინი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე, ტიმურ ივანოვი. აღძრული საქმეები თაღლითობისა და ქრთამის აღების მუხლებით განიხილებოდა.

წყარო: tabula.ge