რუსეთის სასამართლო ამერიკელ „დაქირავებულს“ განაჩენს გამოუტანს

ორ წელზე მეტხნიანი დაკავების შემდეგ, რუსეთის სასამართლომ, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, განაჩენი უნდა გამოაცხადოს აშშ-ს 72 წლის მოქალაქის დახურულ საქმეზე, რომელიც დაქირავებულის სტატუსით უკრაინის მხარეს ბრძოლაშია ბრალდებული. რუსეთმა ცოტა ხნის წინ აშშ-ს რამდენიმე მოქალაქე დააკავა და გაასამართლა, ახლახან კი დაასრულა პატიმრების დიდი გაცვლა (მათ შორის იყო „უოლ სტრი ჯორნალის“ რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი), რამაც მოსკოვს საშუალება მისცა, შეერთებულ შტატებში პატიმრობაში მყოფი რუსები სამშობლოში დაებრუნებინა. განაჩენი ამერიკელის საქმეზე, რომელსაც მედია სტივენ ჰაბარდს უწოდებს, ორშაბათს გამოცხადდება. რუსეთი აღნიშნავს, რომ ჰაბარდი 2022 წლის 2 აპრილს დააკავა, მაგრამ მისი საქმის შესახებ მხოლოდ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გახდა ცნობილი, როდესაც მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ამ პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. რუსეთს არ უთქვამს, სად დააკავა ამერიკის მოქალაქე.

მას შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებით მონაწილეობისთვის“. პროკურორებს არ უთქვამთ, რა განაჩენი მოითხოვეს. ამერიკელი ცუდად გამოიყურებოდა, ნელა გადაადგილდებოდა და ფეხებს ძლივს ადგამდა გასულ კვირას გამართული მოსმენების დროს, როდესაც სასამართლომ, პროკურორების თხოვნით, დაადგინა, რომ სასამართლო პროცესი ფარულად, მედიის გარეშე უნდა გამართულიყო. ხუთშაბათს მოსმენები სამ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. პროკურორები ამბობენ, რომ ჰაბარდს თვეში, მინიმუმ, 1 000 დოლარს უხდიდნენ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრობისთვის. მათივე თქმით, ჰაბარდმა გაიარა წვრთნა, მიიღო საბრძოლო ფორმა და უკრაინაში მიმდინარე „შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა“.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

პატიმრობაში მყოფი დასავლეთის მოქალაქეები

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS“ იტყობინება, რომ 2014 წლიდან ჰაბარდი ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ იზიუმში ცხოვრობს. 45 000-კაციანი ქალაქი რუსეთის ჯარებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე აიღეს, საიდანაც ისინი 2022 წლის სექტემბერში კიევის ელვისებური კონტრშეტევის შედეგად გააძევეს. ამერიკელის დაკავების დეტალები რუსეთს არ გაუსაჯაროვებია. ვიდეოში, რომელიც იზიუმის რუსული ოკუპაციის დროს, 2022 წლის მაისში, პრორუსულ YouTube არხებზე გამოქვეყნდა, ნაჩვენებია მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს სტივენ ჯეიმს ჰაბარდს უწოდებს და ამბობს, რომ მიჩიგანის შტატში, ბიგ-რაპიდსშია დაბადებული და უკრაინაში საცხოვრებლად 2014 წელს ჩავიდა.

ის დაბნეული ჩანს, გრძელი წვერი და ჭუჭყიანი ფრჩხილები აქვს. ბოლო წლებში რუსეთმა უამრავი დასავლელი მოქალაქე სხვადასხვა ბრალდებით - ჯაშუშობიდან დაწყებული და წვრილმანი ქურდობით დამთავრებული - დააკავა. ზოგიერთი მათგანის დაკავება უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა ქსენია კარელინაც, რომელსაც რუსეთ-ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის რუსეთში ოჯახის მონახულების დროს დააპატიმრეს და უკრაინული ორგანიზაციისთვის დაახლოებით 50 დოლარის შეწირვისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უკრაინული მხარის მიერ „დაქირავების“ ბრალდებით, რუსეთში სასჯელს კოლუმბიის ორი მოქალაქეც იხდის.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, რუსეთმა და დასავლეთმა „ცივი ომის“ შემდეგ პატიმრების ყველაზე დიდი გაცვლა განახორციელეს. გაცვლილთა შორის არიან: ჟურნალისტები და რუსი დისიდენტები, ერთ მხარეს და მკვლელობაში, ჯაშუშობაში და სხვა დანაშაულებში ბრალდებული რუსები - მეორე მხარეს.

წყარო: "საზმაუ"