ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის მთავრობას საშუალებას მისცემდა შემოსავლებით დაეფარა ყველა ხარჯი და მიეღწია დაბალანსებული ბიუჯეტისთვის, 2025 წლის ბოლოსთვის, ბარელზე 93 დოლარი უნდა ყოფილიყო - გამოთვალეს „Альфа-Банк"-ის ანალიტიკოსებმა, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნავთობისა და გაზის შემოსავლები წლიურად 24%-ით შემცირდა, რუსულ ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, რომელიც წლის ბოლოს, ბარელზე 40 დოლარს ქვემოთ დაეცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა „Роснефть“-სა და „Лукойл“-ს სანქციები დაუწესა.
"Bloomberg“-ის ცნობით, ა.წ. იანვარში "Urals“-ის ნედლი ნავთობი საზღვარგარეთ, საშუალოდ, 35-38 დოლარად გაიყიდა. ეს 2026 წლის ბიუჯეტის მიზნობრივ მაჩვენებელზე 1.7-ჯერ ნაკლებია და ხაზინის ბალანსისთვის საჭირო დონეზე 2.6-ჯერ.
"Reuters"-ის შეფასებით, ა.წ. იანვარში, ფინანსთა სამინისტრო, ნავთობისა და გაზის გადასახადებიდან 420 მილიარდ რუბლს აკრეფს - ეს ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება და 46%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ თვეში აკრიფეს.
„Альфа-Банк"-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ბიუჯეტი, ნავთობის ფასების მიმართ, ისევ ძალიან მგრძნობიარე რჩება.
ამასთან, „Альфа-Банк"-ში აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა ვერ შეძლოს ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შემცირებით წარმოქმნილი დეფიციტის დასაფარად ვალის აღების პროგრამის შესრულება.
გეგმის თანახმად, რუსეთის მთავრობა აპირებს სამი წლის განმავლობაში 5,5 ტრილიონი რუბლის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას", - წერს გოგიტა სურამელაშვილი.