რუსეთის ეკონომიკა 2026 წლის მეორე კვარტალში 1.3%-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში დაფიქსირებული კლების შემდეგ ზრდას დაუბრუნდა.

„The Bell“-ის ცნობით, შედეგმა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზებს გადააჭარბა. ცენტრალური ბანკი მეორე კვარტალში 0.8%-იან, ხოლო სამინისტრო 0.9%-იან ზრდას ელოდა.

„როსსტატის“ მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მომხმარებელთა აქტივობა იყო — საცალო ვაჭრობის ბრუნვა წლიურ ჭრილში 7.2%-ით გაიზარდა.

ეს მოხდა უკრაინული დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმებისა და ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 14%-ზე შენარჩუნების ფონზე.

ამასთან, წლის პირველი ნახევრის საერთო მაჩვენებელი კვლავ სუსტი რჩება. პირველ კვარტალში რუსეთის მშპ 0.2%-ით შემცირდა, ხოლო ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 0.3% შეადგინა.

ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის ფასის კლებამ, სახელმწიფო ხარჯების ზრდამ და საბიუჯეტო დეფიციტმა.

ეკონომიკური ზრდის შენელებით უკმაყოფილება გამოთქვა ვლადიმერ პუტინმაც და მთავრობას ვითარების გამოსასწორებლად დამატებითი ზომების მიღება მოსთხოვა.