რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლის წილი ყველაზე დაბალ დონეზე, სულ მცირე, 2007 წლის მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას RBC ბიუჯეტის შესრულების შესახებ საანგარიშო პალატის ანალიტიკურ ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის სამი კვარტლის შედეგებით, ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლის 28,3% შეადგინა. მათი წილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით, ხოლო აბსოლუტური თვალსაზრისით შემოსავალი ერთნახევარჯერ, ანუ 2,9 ტრლნ რუბლით (32,9 მლრდ დოლარით) შემცირდა და 5,58 ტრლნ რუბლი (63,4 მლრდ დოლარი) შეადგინა.

საანგარიშო პალატის აუდიტორები ნავთობისა და გაზის შემოსავლების ამ დინამიკას Urals-ის მარკის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე საშუალო ფასის დაცემას, მათი საწარმოო-საექსპორტო მოცულობის შემცირებას, ასევე, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში საგადასახადო მანევრებს უკავშრებენ. კერძოდ, Urals-ის მარკის ბარელ ნავთობზე ფასი 2021 წლის დეკემბერ-2022 წლის აგვისტოს 82,9 დოლარიდან 2022 წლის დეკემბერ-2023 წლის აგვისტოში 55,9 დოლარამდე შემცირდა.

ამასთან, საგადასახადო მანევრის ფარგლებში, წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საექსპორტო გადასახადის განაკვეთები, 2022 წელთან შედარებით, განახევრდა. მაგალითად, ნედლ ნავთობზე გადასახადის განაკვეთი 2022 წლის სექტემბერში ტონაზე 52 დოლარი იყო, ხოლო წლევანდელ სექტემბერში მისი ოდენობა 21.4 დოლარამდე შემცირდა.

ნახშირწყალბადების ნედლეულზე საექსპორტო საბაჟო გადასახადებიდან შემოსავალი 3,4-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში დაფიქსირებული 2,18 ტრლნ რუბლიდან (24,8 მლრდ დოლარიდან) შემოსავალი წელს 640 მლრდ რუბლამდე (7,3 მლრდ დოლარამდე) შემცირდა. მითუმეტეს, ნავთობის ინდუსტრიაში „საგადასახადო მანევრის“ დასრულების შემდეგ, 2024 წლიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საექსპორტო გადასახადები ნულდება, თუმცა გაზზე რჩება.

bpn.ge