რუსეთიდან და უკრაინიდან მიმავალი მარცვლეულით დატვირთული გემები მარმარილოს ზღვაში ერთმანეთს შეეჯახნენ. გემები კომორის არქიპელაგისა და პანამის დროშების ქვეშ ცურავდნენ. გემებმა მატერიალური ზიანი განიცადეს, თუმცა მსხვერპლსა და გარემოს დაბინძურებას ადგილი არ ჰქონია. რუსეთიდან მარცვლეული ისრაელში იგზავნებოდა, უკრაინიდან კი ესპანეთში.
ინფორმაციას ინციდენტის შესახებ გამოცემა Kalem-ი თურქეთის სანაპირო დაცვის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეჯახება კუნძულ მარმარასთან მოხდა. 122 მეტრიანი ხორბლით დატვირთული Haje Halimeh, რომელიც მიცურავდა უკრაინის პორტი იზმაილიდან ვალენსიაში (ესპანეთი), შეეჯახა 169 მეტრიან Asomatos-ს, რომელიც მარცვლეულს გადაჰქონდა რუსეთის პორტ კავკაზიდან (კრასნოდარის ტერიტორია) აშდოდში (ისრაელი).