ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი წარადგინა. რიგით მე-19 პაკეტში შევა რუსეთიდან გათხევადებული გაზის იმპორტის აკრძალვა, ასევე სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. საუბარია იმ ხომალდების სიის გაზრდაზე, რომლითაც რუსული ნავთობი გააქვთ. შეზღუდვები დამატებით 118 ხომალდს დაუწესდება.
ამასთან, აიკრძალება „როსნეფტთან“ და „გაზპრომნეფტთან“ ნებისმიერი სახის გარიგება. სანქციები დაწესდება მათ წინააღმდეგაც, ვინც რუსულ ნავთობს უკვე მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლით ყიდულობს, მათ შორის ჩინეთის გავლით.
გარდა ამისა, აიკრძალება ტრანზაქციები უფრო მეტ რუსულ და მესამე ქვეყნების ბანკებშიც, რომლებიც „ალტერნატიულ რუსულ საგადასახადო სისტემებთან“ არიან დაკავშირებულები. შეიზღუდება კრიპტოვალუტების ბირჟების მუშაობა და დაწესდება აკრძალვა კრიპტოვალუტებით ტრანზაქციებზეც.
აიკრძალება ფინანსური ოპერაციების განხორციელება სპეციალურ ეკონომიკურ ზონებშიც.
ასევე, სანქციები დაწესდება დამატებით 45 კომპანიის, როგორ რუსულის, ისე უცხოურის, წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სამხედრო მრეწველობას. სანქციების ახალი პაკეტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაამტკიცებს.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი სიტუაციის ესკალაციას ახდენს, საპასუხოდ კი ევროპა ზეწოლას აძლიერებს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა „შაჰედის“ ტიპის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში. ეს არ არის ისეთი ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ სიტუაციის ესკალაციას ახდენს. საპასუხოდ კი ევროპა ზეწოლას აძლიერებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც წარმოგიდგენთ სანქციების მე-19 პაკეტს. რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება. ჩვენ ამ შემოსავლების შემცირება გვსურს. ამიტომ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი გადავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ამჟამად სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში.
ვმართავთ ფინანსურ ხვრელებს, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს. ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას დამატებით ბანკებზე რუსეთში და მესამე ქვეყნების ბანკებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ეს სასტიკი ომი დავასრულოთ. ახლა მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად დაამტკიცონ ეს ახალი სანქციები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველი დატოვოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს. ეს არის გზა, რათა მშვიდობას რეალური შანსი მივცეთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.