რუსეთი თავისი რეზერვებისთვის უცხოური ვალუტის შესყიდვას, სავარაუდოდ, მაისში განაახლებს. ამის მიზეზად Bloomberg ნავთობის შემოსავლებს ზრდის ფონზე სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციას ასახელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდული ვალუტის საწყისი მოცულობა, შესაძლოა, ჩინურ იუანებში დაახლოებით თვეში $200 მილიონის ეკვივალენტს შეადგენდეს.
ჩინური ვალუტა არის მთავარი აქტივი, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია თავის $154 მილიარდის მოცულობის კეთილდღეობის ფონდში ტრანზაქციების განსახორციელებლად გამოიყენოს.
„ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფომ რეზერვების შემცირების ნაცვლად კვლავ დაიწყოს მათი დაგროვება. შესაძლოა ამ ფაქტმა, რუბლზე დადებითაც იმოქმედოს“, - თქვა ნატალია მილჩაკოვამ, Freedom Holding Corp-ის ანალიტიკოსმა.
Bloomberg-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2022 წლის იანვრის ბოლოს შესყიდვები შეჩერდა, ფინანსთა სამინისტრომ უცხოური ვალუტა განახლებული საბიუჯეტო მექანიზმით მხოლოდ მიმდინარე წელს გაყიდა. აღნიშნული მექანიზმი საქონლის ბაზრების ცვალებადობისგან ეკონომიკის იზოლაციის მიზნითაა შექმნილი.
Bloomberg Economics დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვალუტის შესყიდვებს უახლოეს სამ თვეში დაიწყებს, თუმცა წერს, რომ შესყიდვის განახლების ალბათობა მაისში 65%-ს, ხოლო ივნისში 80%-ს შეადგენს, ვინაიდან ნავთობის მოპოვების შემცირება გაურკვევლობის რისკს ზრდის.