რუსეთი „დოლარის რეზერვის“ შექმნას თურქეთში, ატომური ელექტროსადგურის დაფინანსების გზით ცდილობდა. „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის დაფინანსების საფარქვეშ, რუსულ მხარეს სანქციებისთვის თავი უნდა დაეღწია, თუმცა აღნიშნული სქემა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაბლოკა.

The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება,  რომ რუსეთსა და და თურქეთს შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ.

გემის მიხედვით, იმ დროისთვის სანქციებისგან თავისუფალ „გაზპრომბანკს“ „აკიუსის“
ელექტროსადგურის მშენებლობისთვის დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყო. მშენებლობას სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ უზრუნველყოფდა, რომელიც იმ დროისთვის სანქციების ქვეშ ასევე არ იმყოფებოდა.

ფული უმსხვილესი თურქული სახელმწიფო ბანკის- Ziraat Bankası-ის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, საიდანაც რუსულ კომპანიებამდე მივიდოდა.

რუსულმა მხარემ ამ სქემით 5 მილიარდი დოლარის გადახდა მოახერხა: 2022 წლის ზაფხულში გაზპრომბანკმა Citigroup-ის გავლით 3 მილიარდი დოლარი გადარიცხა თურქეთის Ziraat Bankası-ში არსებულ ატომური ელექტროსადგურის ანგარიშებზე, ხოლო დამატებით 2 მილიარდი დოლარი გაიგზავნა JPMorgan-ის მეშვეობით.

ბოლო ეტაპზე კი, როცა რუსეთმა დამატებითი 2 მილიარდი დოლარის გადარიცხვა სცადა, საქმეში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ჩაერია და თანხები გაყინა.

საქმეზე ამერიკულმა მხარემ თანხების შესაძლო კონფისკაციის მიზნით გამოძიება 2024 წელს დაიწყო, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ პროცესი დროებით შეაჩერა.წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთთან ურთიერთობას გაუფრთხილდა.

ამერიკელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ამ სქემაში შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი – ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი.