რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.

„რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, - აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.

ამასთან, რუსებმა, თითქმის სარაკეტო შეტევის პარალელურად, დედაქალაქისკენ დრონები გაუშვეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს ისე, რომ დრონებმა კიევამდე ვერ მიაღწიეს.

მოგვიანებით, რუსებმა კვლავ შეუტიეს კიევს - რაკეტამ მანევრირება მოახდინა რამდენიმე ზონაში, მაგრამ ის უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში ნგრევა არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.