რუმინეთის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი, იასი, მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით იმუშავებს. როგორც "ევროპულსი" იუწყება, ამის მისაღწევად მის ტერიტორიაზე მზის ბატარეის მძლავრი პარკი აშენდება.

ასეთი პარკი იასის აეროპორტში უკვე არის. ის 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მისი სიმძლავრე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკმარისი ენერგიით მოამარაგოს მთელი აეროპორტი.

ახალი პარკი ხუთჯერ უფრო ძლიერი იქნება. მზის პანელები აეროპორტის ტერიტორიაზე ხუთ ჰექტარს დაიკავებს.

განახლებადი ენერგიის გამოყენება ევროპის ქვეყნებში დაეხმარება ევროკავშირს მიაღწიოს თავის ამბიციურ მიზანს, რაც გულისხმობს სათბურის გაზების ემისიების 55%-მდე შემცირებას 2030 წლისთვის,2050 წლისთვის სათბურის გაზების ე.წ. ნულოვანი დონის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ ამ გამონაბოლქვის მოცულობა იმდენად შემცირდება, რომ ბუნებრივად მთლიანად შეიწოვება ხეების მიერ და აღარ კონცენტრირდება, ანუ აღარ დაგროვდება, ატმოსფეროში.

ცნობისთვის, 2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მთლიანი მოხმარების მინიმუმ 42,5%-ს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ.