აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ფარგლებში, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტისთვის ახალი ლიცენზიების გაცემაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა.

ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, ენერგეტიკის დეპარტამენტს დაევალა, განაგრძოს ახალი განაცხადების მიღება. ეს პროცესი ბაიდენმა 2024 წლის იანვარში შეაჩერა, რადგან მისი ადმინისტრაცია თხევადი გაზის ექსპორტის გაზრდის შედეგად კლიმატის, ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მხრივ შესაძლო შედეგებს იკვლევდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ იგი მყისიერად გააუქმებდა მორატორიუმს, რაც Venture Global LNG Inc.-ის, Energy Transfer LP-ისა და Commonwealth LNG-ის მულტიმილიარდიანი საექსპორტო პროექტების გეგმებს უშლიდა ხელს.

რა ხდება LNG-ის გლობალურ ბაზარზე და რომელია აშშ-ის მთავარი საექსპორტო მიმართულება?!

ევროპასა და აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის ფასის დინამიკა და გეოპოლიტიკური მოვლენები წელს აშშ-ის, ასევე, ჩრდილო ამერიკის სხვა ქვეყნების LNG-ის საექსპორტო ტერმინალებიდან გაზის ექსპორტის მოცულობასა და მიმართულებებს განსაზღვრავს.

ტრადიციულად, LNG-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მოთხოვნას, ძირითადად, ყატარი, ხოლო ევროპის მოთხოვნას აშშ-ის ექსპორტი აკმაყოფილებს. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანახმად, 2023 წელს ყატარის LNG-ექსპორტის, დაახლოებით, 70% აზიაში მიემართებოდა, ხოლო აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მონაცემებით, აშშ-ის ექსპორტში ევროპის წილი 64%-ს შეადგენს.

თუმცა აშშ-ისა და ჩრდილოამერიკის სხვა ექსპორტიორები აზიის ბაზრებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ, რასაც აზიელ მყიდველებთან გაფორმებული ბოლოდროინდელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების რაოდენობა მოწმობს.

მაგალითად, აზიურ მყიდველებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გარდა, LNG Canada წელს თავისი გაზის პირველ წარმოებას აპირებს, რომლის მთელი მოცულობა აქციონერებზე გაიყიდება. მათ შორის არის აზიაში დაფუძნებული კომპანიები, მალაიზიური Petronas, ჩინური PetroChina, იაპონური Mitsubishi და კორეული Korea Gas. სავარაუდოდ, აზიის ბაზარს მიმართავს Shell-იც, რომელიც LNG Canada-ის ექსპორტში საკუთარი წილს წარადგენს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს “გაზის გლობალური უსაფრთხოების პერსპექტივის” მიხედვით, მაშინ, როცა ევროპაში გაზზე მოთხოვნილება წელს უმნიშვნელოდ, დაახლოებით, 0,1%-ით გაიზრდება, აზიაში მოთხოვნა, მინიმუმ, 1%-ით მოიმატებს.

თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდამ და ჩინეთსა და აშშ-ის შორის პოტენციურმა სავაჭრო ომმა შესაძლოა, ჩინეთში ამერიკული LNG-ექსპორტის ვარდნა გამოიწვიოს, როგორც ეს 2019 წელს მოხდა და ტვირთის უმეტესობა ევროპისკენ იქნეს მიმართული.

ასევე, კვლევითი კომპანია Kpler Insights-ის თანახმად, გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტის პოტენციური დახურვა რეგიონში ყატარის LNG-ის ნაკადზე დიდ გავლენას მოახდენს. კერძოდ, სრუტეს დახურვის შემთხვევაში LNG-ის მსოფლიო მიწოდების 20% დაიკარგება, რადგან გემებისთვის ალტერნატიული გზა არ არსებობს.

ამასობაში ევროკომისია რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტის გეგმას ამუშავებს, რაც ენერგეტიკის კომისიამ თავისი მანდატის პირველი 100 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს. პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნები რუსულ LNG-ს რეკორდული ტემპით მას შემდეგ ყიდულობენ, რაც უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეჩერდა. კერძოდ, კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან LNG-ის იმპორტმა 837,3 ათას ტონას მიაღწია, მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 760,1 ათასი ტონას შეადგენდა. შედარებისთვის: 2021 წლის იანვრის პირველ ორ კვირაში ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 310 ათასი ტონა LNG შევიდა, რაც წლევანდელ საიმპორტო მაჩვენებელზე, თითქმის, სამჯერ ნაკლებია.

თუმცა, ევროპული მოთხოვნისა და ფასების დინამიკის მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი LNG-ტერმინალი, როგორიც არის Altamira, LNG Canada და Costa Azul და რომელთაგან ეს ორი უკანასკნელი წელს ექსპორტზე თავის პირველ LNG-ს გააგზავნის, უფრო აზიის მიმართულებას გააგრძელებს.

დასავლეთ სანაპიროს ამ ტერმინალებიდან გადამზიდავებს სტრატეგიული პანამის ვიწრო არხის გავლა არ სჭირდებათ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ტრანსპორტირების ხარჯებში კონკურენცია გაუწიონ ახლო აღმოსავლეთის მიმწოდებლებს. მაგალითად, აზიური მოთხოვნის დაკმაყოფილებისას LNG Canada, აშშ-ის ორივე სანაპიროს მიმწოდებლებთან შედარებით, ტრანსპორტირების ხარჯით მეტად კონკურენტუნარიანია.

www.bpn.ge