Bounce-მა “ღვინის მოყვარულთა ინდექსი” განაახლა, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმების თანახმად ქვეყნებში ღვინის ტურიზმს აფასებს. ქვეყნები, რომლებიც ამ ინდექსის სათავეში ხვდებიან, Bounce-ის შეფასებით ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო დანიშნულებებს წარმოადგენენ. თავად რეიტინგი რამდენიმე პარამეტრს ითვალისწინებს, მათ შორის ღვინის წარმოებას, მოხმარებას და ექსპორტს, ვენახების ფართობს, ღვინის ტურების რაოდენობას და ღვინის ფასს. ამგვარად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველო, სადაც ღვინო გამოიგონეს, ინდექსის წლევანდელი გამოცემის ათეულში მოხვდა.

წელს, საქართველომ 10-დან 6.18 ქულა მიიღო, რითაც მე-8 ადგილი დაიკავა. Bounce-ის დათვლებით, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით საქართველოში 49.7 ლიტრი ღვინო იწარმოება და 26.4 ლიტრი ისმება, როცა ვენახებზე ქვეყნის ჯამური ზედაპირის 0.7% მოდის. ინდექსის თანახმად, ღვინის ბოთლის საშუალო ფასი საქართველოში $6.68-ია, ხოლო 10,000 კვადრატულ კილომეტრზე, საშუალოდ, 6.1 ღვინის სადეგუსტაციო ტური იმართება. ამ შედეგებით, საქართველომ ღვინის დიდ ექსპორტიორ და მომხმარებელ სახელმწიფოებს გაუსწრო, მათ შორის ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, საბერძნეთსა და სამხრეთ აფრიკას გაუსწრო.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს, საქართველოს რეიტინგი ერთბაშად სამი პოზიციით ჩამოქვეითდა, არადა 2023 წლის “ღვინის მოყვარულთა ინდექსი”, რომელშიც ჩვენმა ქვეყანამ მე-5 ადგილი დაიკავა და საფრანგეთსა გაუსწრო, საქართველოსთვის საეტაპო აღმოჩნდა. შარშანდელ რეიტინგში საქართველოს მაღალ პოზიციას განსხვავებული მეთოდოლოგია განაპირობებდა, რადგან ტურისტული მიმზიდველობა ითვლებოდა არა მიწის ფართობის მიხედვით, როგორც ეს წელს მოხდა, არამედ მოსახლეობის მიხედვით. შარშანდელი შედეგით, მილიონ მოქალაქეზე საქართველოში 211 ღვინის სადეგუსტაციო ტური იმართებოდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში.

2024 წლის “ღვინის მოყვარულთა ინდექსში” წამყვანი პოზიციები ტრადიციულმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყნებმა დაიკავეს, მათ შორის პორტუგალიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა. ათეულში ასევე მოხვდა ჩილე, რომელიც მე-6 ადგილს იკავებს, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესო და უცნაურია, წლევანდელ რეიტინგში საქართველოს მოლდოვა და უნგრეთიც უსწრებენ. მოლდოვის შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი ვენახების ჯამური ფართობი აღმოჩნდა, ხოლო უნგრეთი, რომელიც ღვინის ტრადიციული ქვეყანა ნამდვილად არ არის, საქართველოს, ესპორტით და ღვინის ტურებით უსწრებს.

უშუალოდ ინდექსთან ერთად, Bounce-მა რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესო ქვეყნები გამოავლინა. ღვინის მოხმარების მიხედვით პორტუგალია ლიდერობს, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 52.25 ლიტრს, ანუ დაახლოებით 70 ბოთლ ღვინოს სვამს. ღვინის წარმოების და ვენახების ფართობის მიმართულებით ლიდერად მოლდოვა დასახელდა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 71.5 ლიტრ ღვინოს აწარმოებს. ყველაზე მეტი ღვინის ტური პორტუგალიაში ტარდება, ხოლო ყველაზე იაფი ღვინო - არგენტინაში იყიდება, სადაც ერთი ბოთლი საშუალოდ $3.5 ღირს.

ღვინის ტურიზმის კუთხით საუკეთესო ქვეყნებთან ერთად, Bounce-მა ღვინის მცოდნეთათვის ყველაზე ცუდი ქვეყნებიც ჩამოთვალა. ამ რეიტინგის უდავო ლიდერი ჩინეთია, რომელმაც 10-დან 1.18 ქულა მიიღო, რითაც ბოლო ადგილი დაიკავა, რაც გასაგებიცაა, რადგან ჩინეთი, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ ნახევარ ლიტრ ღვინოს სვამს, ღვინის ქვეყნად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ჩინეთთან ერთად, ანტირეკორდის ლიდერებად იაპონია, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები გვევლინებიან.

bm.ge