ქვეყანა, საიდანაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ყველაზე მეტი ძეგლია ხვდება, იტალიაა - UNESCO-მ 2023/24 წლის სია ახლახან განაახლა, რის შემდეგაც იტალიის კულტურულ ძეგლთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ამის შესახებ Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იტალიის უახლესი დამატება 800 კმ-იანი Via Appia გახდა, რომელსაც UNESCO “უძველესი რომაელების მიერ აშენებულ მსოფლიოს უძველეს და უმნიშვნელოვანეს გზას” უწოდებს.

ამასთან, 2023 წელს იტალიის გამორჩეული ტურისტული მიმართულება - ვენეცია - განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლების სიის კანდიდატად იყო აღიარებული: ათწლეულზე მეტია, ქალაქის ადმინისტრაციას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დამცავი ზომების შემუშავებისა და ჭარბი ტურიზმის პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ, რისთვისაც მიმდინარე წელს ვენეციამ ქალაქის ტურისტული მოსაკრებელიც დააწესა. ამის მიუხედავად, ვენეცია კვლავ რჩება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იტალიის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი - 60 - ძეგლი ჩინეთშია დაცული. მათგან ორი - პეკინის ცენტრალური ღერძი (გზა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადის) და ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებული ბადაინ-ჯარანის უდაბნო - სიას წელს დაემატა.

რეიტინგში მესამე ადგილს გერმანია იკავებს, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც წელს კიდევ ერთი, 54-ე ძეგლი შეემატა. UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობად შვერინის ციხე შეიყვანა, რომელიც შვერინის ტბის მთავარ კუნძულზე მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების TOP 10 ასე გამოიყურება:

  • იტალია - 60
  • ჩინეთი - 59
  • გერმანია - 54
  • საფრანგეთი - 53
  • ესპანეთი - 50
  • ინდოეთი - 43
  • მექსიკა - 35
  • დიდი ბრიტანეთი - 35
  • რუსეთი - 32
  • ირანი - 28

რაც შეეხება საქართველოს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 4 ქართული ძეგლი ხვდება:

  • მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)
  • გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)
  • ზემო სვანეთი (1996 წ.)
  • კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)

bm.ge