ჩვენი მზის სისტემა წარმოადგენს საგულდაგულოდ გაწონასწორებულ „ციურ ცეკვას“, რომელსაც გრავიტაციისა და ინერციის პრაქტიკულად სრულყოფილი ბალანსი მართავს.

ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტურ მეცნიერებს, ემილი სიმპსონსა და ჰოვარდ ჩენს აინტერესებდათ, როგორი იქნებოდა ეს კოსმოსური „ვალსი“ იმ შემთხვევაში, ასტეროიდთა სარტყელში (მარსსა და იუპიტერს შორის) სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა რომ იყოს.

მკვლევრების შთაგონება ერთი თავსატეხი ფაქტი გახდა: სუპერდედამიწის ტიპის პლანეტები მრავალ სხვა ვარსკვლავურ სისტემაში არსებობს და თან თავიანთ ვარსკვლავთან ახლოს, შესაბამისად, საკმაოდ უცნაურია, რომ ამ სახის პლანეტა მზის სისტემაში არ გვაქვს.

„რა იქნებოდა, ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის, პატარა ასტეროიდთა რგოლის ნაცვლად, პლანეტა რომ ჩამოყალიბებულიყო? რა გავლენას მოახდენდა ის შიდა პლანეტებზე — ვენერაზე, დედამიწასა და მარსზე?“, — ამბობს სიმპსონი.

სიმპსონმა და ჩენმა მათემატიკური მოდელები გაუშვეს, რათა ენახათ, რა გავლენა ექნებოდათ სხვადასხვა ზომის დედამიწის მსგავს პლანეტებს დანარჩენ მზის სისტემაზე. ნაცად პლანეტებს შორის იყო დედამიწის მასის ერთი პროცენტის მქონე პლანეტა, ზუსტად დედამიწის მასის, ორჯერ მეტი მასის, ხუთჯერ და ათჯერ მეტი მასის მქონეები.

თითოეული სიმულაცია მიმდინარეობდა რამდენიმე მილიონწლიანი პერიოდისთვის; ზომავდნენ ეფექტებს სხვა პლანეტების ორბიტებსა და დახრილობაზე.

ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტია პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო პირობებისათვის: ორბიტა განაპირობებს სეზონების ხანგრძლივობას, დახრილობა კი გავლენას ახდენს სეზონების ექსტრემალურობაზე. სუპერდედამიწის (რომელსაც მკვლევრებმა ფაეტონი უწოდეს) მიერ გამოწვეული ცვლილებები დამაინტრიგებელი იყო.

„თუ მას ერთი ან ორი დედამიწის მასა ექნება, რითაც მაინც საკმაოდ დიდი პლანეტა გამოდის, მზის სისტემის შიდა ნაწილი მაინც საკმაოდ მშვენიერი დარჩება. შეიძლება ველოდეთ ცოტა უფრო ცხელ ზაფხულებს და ცივ ზამთრებს, რასაც დახრილობის რხევა გამოიწვევს, მაგრამ სიცოცხლეს მაინც შევძლებდით“, — აღნიშნავს სიმპსონი.

თუმცა, დიდი ზომის სუპერდედამიწამ სხვა პლანეტების ადგილმდებარეობები მნიშვნელოვნად შეცვალა. დედამიწაზე 10-ჯერ მასიურმა პლანეტამ, დედამიწა სასიცოცხლო ზონის მიღმა გადაწია, ვენერასთან ახლოს; ასევე იქონია გავლენა მის დახრილობაზე, რამაც გამოიწვია ექსტრემალურობები სეზონებს შორის.

ვრცლად პირველ არხზე