მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გადადგა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში, მდინარე სენის სანაპიროზე სეირნობისას დააფიქსირეს. ის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან მოშორებით იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. ვის ესაუბრებოდა მაკრონი და რას განიხილავდა, გაურკვეველია, მაგრამ, ასე თუ ისე, ეს სურათი პრეზიდენტის პოლიტიკური მარტოობის სიმბოლოდ იქცა. მას სულ უფრო ნაკლები, თანაც ერთობ არასასურველი ვარიანტებიღა რჩება. რას აპირებს კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი მაკრონი, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ორი ვადა 2027 წელს ამოიწურება და თანამდებობის დატოვება აუცილებლად მოუწევს? გთავაზობთ ანალიტიკოსების მიერ დასახელებულ ოთხ ყველაზე შესაძლო ვარიანტს. ყველა მათგანი მაკრონისთვის სასურველი გამოსავლისგან ძალიან შორს არის.
ლეკორნუს ხელახლა დანიშვნა
როგორც ჩანს, ეს ვარიანტი მაკრონის პოლიტიკურ არსენალში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა, რომლის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამაც კრიზისი გამოიწვია, განაცხადა, რომ მთავრობიდან წავიდოდა. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა ელისეის სასახლემ, რომ ლეკორნუს სამოქმედო გეგმის შესადგენად ორი დღე მიეცა, თავად პრემიერმა კი აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკურ ძალასთან საბოლოო დისკუსიებს“ გამართავდა. მაგრამ სულაც არ არის ადვილი იმის თქმა, შეძლებს თუ არა ლეკორნუ მთავრობის ფორმირებას, რომ აღარაფერი ვთქვათ უნდობლობის ვოტუმის დაძლევაზე პარლამენტში, სადაც მისი ძალები უმცირესობაში არიან. „მაშინაც კი, თუ ეს მისია წარმატებული აღმოჩნდება და ლეკორნუ ახალ კაბინეტს ჩამოაყალიბებს, მისი პრემიერად ხელახლა დანიშვნა ავტომატურად არ მოხდება“, - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
„პრობლემის ფუნდამენტური ასპექტები იგივე რჩება: ლე მერთან ერთად თუ მის გარეშე, ისინი (სხვა საპარლამენტო ფრაქციები - რედ.) ვერ თანხმდებიან ბიუჯეტზე, საპენსიო რეფორმაზე, მიგრაციასა და სხვა საკითხებზე“, - ამბობს ევროპის პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი, პოლ ტეილორი.
ახალი პრემიერ-მინისტრი
მაკრონმა ახალი პრემიერ-მინისტრი რომ დანიშნოს, ეს პერსონა მისი მმართველობის პერიოდში მერვე, ხოლო მიმდინარ წელს უკვე მესამე პრემიერი იქნება, რაც საფრანგეთის რეპუტაციისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მემარცხენეებს სურთ, მან ისეთი პრემიერი დანიშნოს, რომელიც უფრო სრულყოფილ ბიუჯეტს შეადგენს. მაგრამ სულაც არ არის ნათელი, გააკეთებს თუ არა ამას მაკრონი და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გააკეთებს, ახალ პრემიერს, შესაძლოა, დაქსაქსული მემარცხენეების სრული მხარდაჭერა მაინც არ ჰქონდეს. „კიდევ ერთი ახალი, მორიგი პრემიერი შეიძლება კვირების განმავლობაში დაამხონ, რაც ახალ საკანონმდებლო არჩევნებს თითქმის გარდაუვალს გახდის“, - ვარაუდობს რისკების ანალიზის ფირმა „ევრაზია ჯგუფი“ (Eurasia Group).
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
მაკრონი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მას შემდეგ, რაც მის მიერ 2024 წლის ზაფხულში გადადგმული ასეთი რისკიანი ნაბიჯი უკუშედეგით დასრულდა და საფრანგეთმა „ჰაერში გამოკიდებული პარლამენტი“ მიიღო. „პრეზიდენტი თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, თუ მომდევნო ორ დღეში ლეკორნუს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც „პასუხისმგებლობის აღებაში“, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობდა. ამ ნაბიჯმა შეიძლება მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) პარლამენტში პოზიციების გაძლიერება გამოიწვიოს და მის პროტეჟე ჯორდან ბარდელას პრემიერ-მინისტრად გახდომის შანსიც კი მისცეს. ასეთი პროგნოზი რეალობისგან შორსაა, თუმცა ლე პენი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს „აბსოლუტურ აუცილებლობად“ მიიჩნევს.
„გაურკვეველია, მოიტანს თუ არა ახალი არჩევნები გასული წლის ივლისის ვადამდელი არჩევნებისგან განსხვავებულ შედეგს“, - პროგნოზის გაკეთება უჭირს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) პარიზის ოფისის ხელმძღვანელს, სელია ბელინს.
გადადგომა
მაკრონი ყოველთვის უარყოფდა გადადგომას თავისი მანდატის ამოწურვამდე, რაც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოიწვევდა. მაგრამ ახლა პრეზიდენტზე წნეხი ისე იზრდება, როგორც არასდროს. „თუ ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, სამთავრობო უმრავლესობის შექმნა ვერ მოხერხდება, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება რეჟიმის კრიზისში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტ მაკრონის ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნა ბელინმა.
წყარო: 1 არხი