აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ 20-პუნქტიან ღაზის სამშვიდობო გეგმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „ჰამასს“ ტრამპის გეგმაზე თანხმობის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.

„მაქვს მოლოდინი ისრაელისგან, რომ მტკიცედ ჩაერთოს ამ საფუძველზე. „ჰამასს“ არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი და შეასრულოს ეს გეგმა“, – წერს მაკრონი „იქსზე“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორივე მხარეს მოუწოდებს, იმუშაონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დასასრულებლად და რეალობაში მოსაყვანად.

იტალიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ტრამპის ამბიციური გეგმა შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს ომის სამუდამოდ დასრულების, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მცდელობისას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამშვიდობო გეგმაზე თანხმობით მოხარულია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

„ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი, რათა მშვიდობას რეალური შანსი მისცეს“, – აღნიშნა კოშტამ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

პირველი არხი