გერმანული კომპანია Rheinmetall-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავდაცვაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო უკრაინის საკითხთან მიმართებით ევროპული ქვეყნები „ცალკე ბავშვების მაგიდასთან“ აღმოჩნდნენ.

მისი თქმით, ევროპა თავად არის პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის გვერდის ავლით გადაწყვიტა.

„თუ ინვესტიციას არ ჩადებ, ძლიერი არ ხარ და როგორც ბავშვებს, ისე გეპყრობიან.

ძალიან მოსახერხებელი იყო ევროპელებისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე რომ ეთქვათ, კარგი, [თავდაცვაზე მშპ-ს] 1%-ს დავხარჯავთ, ეს ნორმალურია“, - თქვა მან.

Financial Times რამდენიმე დღის წინ კვლევაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის ეკონომიკის საომარ რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხარჯები ამჟამად ევროპის ყველა ქვეყნის ერთად აღებულ თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება.