„მიზეზი, რამაც გამოიწვია ბიტკოინის ფასის რეკორდული ზრდა, არის ის პოლიტიკა, რომელიც კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გატარდა“, - ამის შესახებ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა და მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 14 აგვისტოს ბიტკოინის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თითო მონეტაზე 124.210 დოლარს გადააჭარბა. ამ მონაცემებით გუშინ დილით ბიტკოინმა „გუგლს“ გადაუსწრო და მეხუთე უდიდესი გლობალური აქტივი გახდა.
როგორც ავთანდილ კუჭავა აღნიშნავს, ყველა
ელოდება სექტემბერს, როცა საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კრიტოინდუსტრიას აქვს მოლოდინი, რომ განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება სექტორზე.
„შეიცვალა იურისდიქციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები კრიპტოვალუტასთან მიმართებაში ფედერალური რეზერვების კუთხით. აშშ-ში თითქმის ყველგან პრობიტკოინერი ბიუროკრატები არიან. საბოლოო ჯამში, მთავარი ეკონომიკა დღეს არის აშშ. ევროკავშირი მიიღებს თუ არა კრიპტოვალუტასთან ბრძოლის თუ შეგუების პოლიტიკას, მნიშვნელობა აღარ აქვს. აშშ დღეს ბაზრის ძირითადი განმსაზღვრელია. ბევრი ახალბედაა შემოსული ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც პანიკურად აიწია ფასმა, იმდენად პანიკურად დაიკლებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა ასეთი რამ: ტრამპმა მიიღო აღმასრულებელი განკარგულება კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, შემდეგ ბანკებს უფლება მისცა, რომ კრიპტოვალუტები შეეთავაზებინათ თავისი მომხმარებლებისთვის და მესამე, უოლსტრიტს უფლება მისცეს, რომ ივაჭრონ კრიპტოვალუტების ETF-ით. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ კრიპტოვალუტა პირდაპირ იყოს ჩართული ვაჭრობაში ისე, როგორც ნებისმიერი სხვა აქტივი. ამ ყველაფერმა რითეილ სექტორიდანაც წამოიღო დაინტერესება. დღეს ძირითადად რითეილ სექტორს გვიჭირავს ბაზარი. ინსტიტუციები ახლახან შემოვიდნენ და მათთვის ბაზარი თანდათან იხსნება. ბიუროკრატებს სჭირდებათ იურისდიქცია, რომ უფლება მიიღონ იყიდონ ბიტკოინი, ეს „ბორკილი“ ნელ-ნელა იხსნება მათთან მიმართებაში.
ჩვენ ველოდებით სექტემბრის პერიოდს, ფედერალურმა რეზერვმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. თუ შემცირდება და ბაზრის 94%-ის მოლოდინია, რომ შემცირდება, კიდევ უფრო მეტი ზრდა გვექნება კრიპტობაზარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმე ახლა აპირებს შემოსვლა, ინვესტირებები უნდა გააკეთონ, რადგან ფაქტობრივად, ბოლო ფაზაა ჩვენთვის, ველოდებით პიკებს და ახალბედასთვის ახლა ინვესტირების გაკეთება ძალიან საშიშია, თუმცა მათ შეუძლიათ Bear Market-ს დაელოდონო. Bear Market-ს დაახლოებით 2026 წლისთვის ველოდებით. როგორც კი სექტემბერ-ოქტომბერს ჩავხურავთ, შემდეგ გვექნება სურათი, სად შეგვიძლია Bear Market-ზე კარგი შესყიდვები გავაკეთოთ“, - აღნიშნავს ავთანდილ კუჭავა.
მანვე ისაუბრა ამჟამად კრიპტოინდუსრტიაში არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ახლა ბაზარზე არის მდგომარეობა, როცა ე.წ ჭკვიანი ფული მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.
„2022 წელს დავიწყეთ კრიპტოვალუტის შესყიდვები და მას შემდეგ თითოეულ კლებაზე ვყიდულობდით. ანალიტიკას ვაკეთებ „ბლოკჩეინებზე“ არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით. ციფრები ახლაც გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა არის ასეთი - ჭკვიანმა ფულმა შეწყვიტა აკუმულაცია, ამ ეტაპზე აღარც ყიდულობს და აღაც ყიდის. ჭკვიან ფულად ითვლება ისეთი ფული, რომელიც წლების განმავლობაში ინახავს ბიტკოინს. აქ მოიაზრება ისეთი პირი, რომელიც წლებია ინახავს ბიტკოინს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიტკოინის დამარაგებას, რაც უფრო ძველია, უფრო მნიშვნელოვანია და რაც უფრო ძველია მფლობელი, მით მეტი გავლენა აქვს სექტორზე.
ჯერჯერობით ასეთ მფლობელებს არ დაუწყიათ გაყიდვები. როგორც კი ასეთი მფლობელები დაიწყებენ გაყიდვებს, ამ დროს მოვემზადებით კონკრეტული მოგების დაფიქსირებისთვის. თუმცა, ჩვენი სტრატეგია არის ასეთი, რომ შემდეგი 5 წლის განმავალობაში რაც შეიძლება მეტი ბიტკოინი დავაგროვოთ ამ ქვეყანაში. ყველაზე პრივატული, თავისუფალი და ღია გადახდის და ღირებულების შენახვის აქტივია. სექტემბერში თუ დაიწევს საპროცენტო განაკვეთი, ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს მეტი ფული გამოუჩნდებათ მეტი ფული აქტივში ჩასადებად“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავთანდილ კუჭავა.