აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, დემოკრატ ტიმ უოლცსა და რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსს შორის დებატები გაიმართა. 90-წუთიანი დებატებისას მთავარი საკითხი იმიგრაცია იყო. ამასთან, ლიდერებმა განიხილეს საერთაშორისო კონფლიქტების, აშშ-ის ეკონომიკისა და აბორტის უფლებების საკითხები.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის დასმული პირველი კითხვა ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას, რაზეც უოლცმა უპასუხა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. ვენსმა კი გაიმეორა დონალდ ტრამპის მთავარი გზავნილი და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროს ახალი მსოფლიო კონფლიქტები არ დაწყებულა.

მიგრაციაზე საუბრისას ვენსის თქმით, მიგრაციის შედეგად ქალაქის რესურსები გადატვირთულია, ფასები იზრდება და ხელფასები მცირდება. აბორტის უფლებების შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტიმ უოლცმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლად გაკეთების უფლება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები მკვეთრად განსხვავდებოდა კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატებისგან. ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ვენსი და უოლცი ერთმანეთს თავაზიანად მიმართავდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ამბობდნენ, რომ ზოგიერთ საკითხში ეთანხმებოდნენ კიდეც ერთმანეთს. მედიის ცნობით, მთელი დებატების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დაძაბული მომენტი იყო.

პირველი არხი