„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებების გამო, ესტონელი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლაური ლაატსის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააყენა.
ესტონური მედიის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის ზოგიერთმა დეპუტატმა და ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრმა განაცხადეს, რომ ლაური ლაატსმა პრორუსული საქართველოს მმართველი პარტიის ნარატივები გაიმეორა და ამიტომ უნდა მოიხსნას ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
ესტონეთის პარლამენტის ფრაქცია „ეესტი 200“-ის წევრმა, ანდო კივიბერგმა განაცხადა, რომ საქართველოში უკიდურესად რთული ვითარებაა, სადაც სცემენ როგორც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, მათ აპატიმრებენ, აწამებენ და აიძულებენ გაჩუმებას.
„ამავდროულად, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს „ცენტრისტული პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაური ლაატსი, რომლის გამოსვლები საქართველოსთან დაკავშირებით, აშკარად ეფუძნება საქართველოს მმართველი პარტიის საუბარს, რომლის ქმედებებმა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, თავის მხრივ, გამოიწვია მასობრივი პროტესტი. წარმოდგენილი გზავნილები ეჭვს არ იწვევს, რომელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება ლაატსის განცხადებები. რიიგიკოგუს პარლამენტის წევრების წინადადება, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მისწრაფებებს, არის ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის ახალი არჩევნების მოწყობა, რათა ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭიროს პირველ რიგში, ქართველს ხალხს და არა საქართველოში მმართველ პარტიას. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა არ დაკარგონ ინტერესი იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ანდო კივიბერგმა.
პარალელურად, ესტონური მედია წერს, რომ ქვეყნის პარლამენტის სხდომა 18 დეკემბერს დიდწილად ფოკუსირებული იყო საქართველოს საკითხზე.
ესტონური მედიის თანახმად, პარლამენტის სხდომას ესწრებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა. მას დეპუტატმა ლაური ლაატსმა უთხრა, რომ არავის უთქვამს ოფიციალურად, რომ საქართველოში არჩევნები უკანონოდ ჩატარდა. ლაური ლაატსის თქმით, საპროტესტო აქციები საქართველოში არ იყო მშვიდობიანი და ორივე მხარეს არიან დაშავებულები.
„ახლა საკითხავია, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ. ჩვენ სრულად უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ. და ეს მიმართულება აუცილებლად უნდა გავაშენოთ. საკითხავია, რა ინსტრუმენტით. ის, რომ ჩვენ საქართველოს კარს ვუჩვენებთ და მთელი ევროპა, ეს არასწორია. პირიქით, უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მათ არ ჰქონდეთ ასეთი მდგომარეობა, ან ასე ვთქვათ, საპირისპირო განცდა, რომ ევროპას რეალურად არ სურს ისინი და ჩვენ არ გვინდა მათთან საქმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია პირველ რიგში უნდა იყოს“, – განაცხადა ლაური ლაატსმა.
ესტონური მედიის ინფორმაციით, ფრაქცია „ეკრეს“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ვარო ვოოგლაიდმა მარგუს ცაჰკნას უთხრა, რომ მან წამოიწყო არამეგობრული მტრული კამპანია საქართველოს მიმართ და ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ესტონური მედიის თანახმად, ამის საპასუხოდ მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ესტონეთმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის სურვილებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„სამწუხაროდ, მათმა ხელისუფლებამ და დღევანდელმა რეჟიმმა მოატყუა, პირველ რიგში, ქართველ ხალხი, ასევე ევროკავშირი და ჩვენ. ასე რომ, ისინი რეალურად სულ სხვა გზაზე მოძრაობენ. მათი არჩევნები არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უღიარებია, რომ ის იყო სამართლიანი და გამჭვირვალე. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ საქართველოში უკანონო ძალადობა ხდება და რეაგირების გარდა სხვა გზა არ არსებობს. და ჩვენ ვრეაგირებთ ზუსტად იმიტომ, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და არ ჩავერიოთ საქართველოს საშინაო საქმეებში. ეს არის ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. მე მაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთება, რომ ქვეყანა თანდათან უერთდება რუსეთის მხარეს, სადაც რუსეთი ახორციელებს თავის გავლენის აქტივობას, რის შედეგადაც ამ ხალხის სურვილები რეალურად საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ეს კეთდება ძალიან არადემოკრატიულად, ძალადობრივად და ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამას“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.