რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოხსნა და მის ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონსულტაციებისთვის: თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი წარდგენილია ანდრეი ბელუსოვი“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ნიკოლაი პატრუშევს სერგეი შოიგუ შეცვლის.

რუსული მედია იმასაც წერს, რომ სხვა მინისტრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ.