„წარმოსადგენი“ იქნებოდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაუსწრებლად მოსმენის ჩატარება, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილემ, მამე მანდიაე ნიანგმა განაცხადა.

„ჩვენ ეს კონის საქმეში გამოვცადეთ. ეს რთული პროცესია, თუმცა ჩვენ ვცადეთ და მივხვდით, რომ ეს შესაძლებელი და სასარგებლო იყო“, – აღნიშნა მამე მანდიაე ნიანგმა.

მედია წერს, რომ პროკურორის მოადგილემ იგულისხმა წელს დაუსწრებლად გამართული უპრეცედენტო მოსმენა „ბრალდებების დადასტურების“ საკითხზე, რომელიც უგანდელი ამბოხებული ლიდერის, ჯოზეფ კონის წინააღმდეგ გაიმართა.

პროკურორის მოადგილემ ასევე გააკრიტიკა აშშ-ის სანქციები და აღნიშნა, რომ სანქციები, ფაქტობრივად, სასამართლოს უმაღლეს თანამდებობის პირებს „ტერორისტებთან და ნარკოდილერებთან“ ერთ რიგში აყენებს.

მამე მანდიაე ნიანგმა აგრეთვე განაცხადა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში ომის დანაშაულებში ბრალდებული კიდევ ხუთი რუსი პირის მიმართ ძალაში დარჩება მაშინაც კი, თუ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს საყოველთაო ამნისტია დამტკიცდება.

1tv.ge