ოთხშაბათს, 29 იანვარს, ვილნიუსის საქალაქო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების მნიშვნელოვან ზრდას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამ წინადადებას ლიეტუვას დედაქალაქის საკრებულოს 29 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 20, ხოლო ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კენჭისყრა 120-მდე ადამიანის პროტესტის ფონზე ჩატარდა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ახალი ტარიფების დაწესების საკითხი ახლა უკვე კომიტეტებსა და საბჭოს მომავალ სხდომაზე განიხილება, რომელიც მარტში გაიმართება.

თუ საბჭოც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, განახლებული ტარიფები მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.

დადგენილების პროექტის მიხედვით, 30-წუთიანი სამგზავრო ბილეთი €0.65-დან €1.25-მდე გაძვირდება, ხოლო 60-წუთიანი ბილეთი - €0.9-დან €1.75-მდე.

ტარიფების ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ერთდღიანი სამგზავრო ბილეთის ფასი 7,5 ევრომდე გაიზრდება (ამჟამად 5 ევრო ღირს), სამდღიანი ბილეთი კი 13,5 ევრო (ამჟამად - 8 ევრო) ეღირება.

ყოველთვიური სამგზავრო ბარათი €29-დან €45-მდე გაძვირდება, წლიური ბარათის ფასი კი, 310 ევროს ნაცვლად, 480 ევრო იქნება.

მოქალაქეებს სიახლესაც შესთავაზებენ. ეს არის საოჯახო ბილეთი (3,5 ევრო) და ჯგუფური ბილეთები 10-15 და 16-25 ადამიანზე.

ამასთან, ყველა შეღავათიანი ტარიფი, დღეს მოქმედი წესის შესაბამისად, ძალაში დარჩება.

საპროტესტო აქციაში 120-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა

გარემოს დამცველთა მოძრაობა Fridays for Future-მ და პროფესიულმა გაერთიანებამ, სახელწოდებით G1PS, ვილნიუსის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომელშიც 120-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისს“ განუცხადეს, რომ მგზავრობის გაძვირების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს.

ტარიფების გაზრდას ლიეტუვას უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა კავშირიც ეწინააღმდეგება და აცხადებს, მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღემდე ვერ გახდა მოსახერხებელი.

ვილნიუსის მუნიციპალიტეტის შეფასებით, მგზავრობის ტარიფის ზრდა დედაქალაქის ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ევროთი გაზრდის და ეს თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაში ჩადებული ინვესტიციების დაფარვას მოხმარდება.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, გასულ წელს მგზავრობის საფასურით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 34 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებმა 84 მილიონი ევროს მიაღწია.

ვილნიუსში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

წყარო; 1 არხი