ევროკომისია განიხილავს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას, როგორც ნაბიჯს არასწორი მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ერთგულია ღია და პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც ყველა პარტნიორს სარგებელს მოუტანს.
„ევროკავშირი ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ტარიფებს და ვერ ხედავს გამართლებას აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის ექსპორტზე ტარიფების გაზრდისთვის. ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით, აშშ ბეგრავს საკუთარ მოქალაქეებს, ზრდის ხარჯებს ბიზნესისათვის, ახშობს ზრდას და აძლიერებს ინფლაციას. ტარიფები აძლიერებს ეკონომიკურ გაურკვევლობას და აფერხებს გლობალური ბაზრების ეფექტურობას და ინტეგრაციას. მსოფლიო ვაჭრობა აყვავდა პროგნოზირებადი, გამჭვირვალე წესებით და დაბალი ტარიფებით. ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი მუშაობდა სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ, რათა შეემცირებინა ტარიფები და სხვა სავაჭრო ბარიერები მთელ მსოფლიოში, აძლიერებდა ღიაობას წესებზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემის ვალდებულებებით, რასაც აშშ ახლა ძირს უთხრის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ და დაუყოვნებლივ, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის გაუმართლებელი ბარიერების წინააღმდეგ, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება იურიდიული და არადისკრიმინაციული პოლიტიკის გასაჩივრებისთვის.
„ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშებს და მომხმარებლებს გაუმართლებელი სატარიფო ზომებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.