ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს - ჩვენი მოწოდებაა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია გზამკვლევზე, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე მხარისთვის.

„მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე, ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას - ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან გავრცელებული პირველი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დიფ სთეითის“ წერილი, საიდანაც, ყველაფერთან ერთად, ქედმაღლობაც გამოსჭვიოდა.

„ამ ქედმაღლობას არავითარი საფუძველი არ აქვს. მესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და აშშ-ი არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ გვამადლიან ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ მომხდარა. გვამადლიან, რომ ქვეყანა საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა ე.წ დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებდით ამერიკის მხრიდან. სინამდვილეში, მათემატიკურად გადავთვალეთ, რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან და აქ საუბარია ძირითადად ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე. თუ დავთვლით მათემატიკურად, ფინანსურად იმ შეღავათებს, რომლებიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით აშშ-დან, ჩვენი შეღავათი არის ფინანსურად დაახლოებით 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ მეტიც. დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იყო 2008-2011 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული. სხვა წლებში კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და დახმარებაში ვერ ჩავთვლით ენჯეოებზე გამოყოფილ ფულს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ის, რომ ეს იყო არა დახმარება, არამედ პირიქით, უკუშედეგის მომტანი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ არ იყო თუნდაც ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ითხი მცდელობა, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი მოიყვანა ხელისუფლებაში და რად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რეჟიმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო ბიზნესის რეკეტი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა ეს რეჟიმი და ა.შ. ამიტომ, ეს არ იყო დახმარება, პირიქით, ეს იყო ისეთი თანხები, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს უკუსვლისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ერთმანეთს დახმარება და ჩვენი მხრიდან გაწეული შეღავათები, ჩვენს მხარეს არის უპირატესობა და დისბალანსი დადებითი კუთხით. ამიტომ, ქედმაღლობას არ აქვს არავითარი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება წერილებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიფ სთეითის მიერ დაწერილ წერილს არავითარი ფასი არ აქვს.

„ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის წერილს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს