პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2022 წლიდან ულტრაკონსერვატიულ კოალიციას ხელმძღვანელობს, იტალიელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსად რჩება, რაც მისი მთავრობის სტაბილურობით აიხსნება.

2023 წლის 25 სექტემბერს, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალებმა იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ერთ თვეში კი ჯორჯია მელონიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ ამბებიდან სამი წლის შემდეგ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ხანგრძლივად მოქმედია იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში, სადაც, ათწლეულების განმავლობაში, მთავრობის არასტაბილურობას იყვნენ მიჩვეულნი. ამ მდგრადობის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: სტაბილურია კოალიცია, რომელიც ცენტრისტობიდან ულტრამემარჯვენეობამდე მერყეობს, და ჯორჯია მელონის მაღალი პირადი პოპულარობა.

ამის კიდევ ერთი დასტური იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 17 სექტემბერს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ანკონაში. „ის პოპულარულია, რადგან ხელისუფლებამ არ შეცვალა; ის უბრალო ქალია, რომელიც ხალხთან ახლოსაა. მას აქვს ღირებულებები: ოჯახი, ქვეყანა და პატიოსნება“, - ამბობენ ანკონელები. მისი მხარდამჭერების კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ჯორჯია მელონი სხვა ლიდერებს, მართალია, უპირისპირდება, „მაგრამ ცხვირს არ იბზუებს“. ულტრაკონსერვატიული მთავრობა ასევე ხაზს უსვამს თავის ეკონომიკურ მიღწევებს, რამაც, თავის მხრივ, ბოლო წლებში სახელმწიფო დეფიციტის შემცირების წყალობით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება განაპირობა.

„იტალიელი ტრამპისტები“

You Trend-ის საარჩევნო ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ჯოვანი ფორტი ამ წარმატების მიზეზებს ასე ხსნის: „მისი პოპულარობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის იმიჯთან. ის უშუალო და სიმპატიურ პიროვნებად აღიქმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. კვირას, შუადღისას, ჯორჯია მელონი იტალიის საზოგადოებრივ ტელეარხ „რაი“-ზე იტალიურ გასტრონომიაზე საუბრობდა. ეს კარგი თემაა ამომრჩევლის გულის მოსაგებად. „ამ ადამიანებს, რომლებიც იტალიური იდენტობის დაცვას გამოწვევად მიიჩნევენ, შეიძლება „იტალიელი ტრამპისტები“ ვუწოდოთ. ჯორჯა მელონის კონსერვატიზმი მათ სიმშვიდეს ჰგვრით სამყაროში, რომელიც, მათი გემოვნების კვალობაზე, ძალიან სწრაფად იცვლება“, - განაგრძობს ფორტი.

თუმცა, სუსტი მხარეებიც არსებობს: ჯორჯია მელონი პოპულარულია, მისი მთავრობა კი - ნაკლებად. ულტრამემარჯვენე ლიდერი იტალიაში პოპულარობით მეორე პოლიტიკოსია რესპუბლიკის პრეზიდენტის შემდეგ, მაგრამ მისი რეიტინგი 35%-ზეა და ერთ წელიწადში, ათი პროცენტული პუნქტით დაეცა. ამასთან, იტალიის ეკონომიკური პერსპექტივა, დაბალი პროდუქტიულობისა და მოსახლეობის დაბერების გამო, საშუალოვადიან პერიოდში, საკმაოდ მძიმეა.