პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი ცოლი და ქალიშვილი, ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ უკანონოდ გამოყენების საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმეებად დაიკითხნენ. პოლონეთის პრემიერი ამბობს, რომ საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს და გამოძიებაში ჩარევას არ აპირებს.

როგორც ტუსკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ TVP Info-ს განუცხადა, სათვალთვალო სისტემა „პეგასუსი“ „ბოროტად“ და „მიზანმიმართულად“ გამოიყენებოდა და პოლიტიკური მოტივების შესანიღბად, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება სახელდებოდა. მისივე თქმით, სამიზნეებს, სხვა პირებთან ერთად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც წარმოადგენდნენ.

მან თავისი ოჯახის საქმეში ჩართულობა იურისტ რომან გერტიხთან საუბრებს დაუკავშირა. ეს უკანასკნელი მის ინტერესებს იმ პერიოდში იცავდა, როდესაც ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

„ორივე მათგანი მოწმის სახით დაიკითხა და შესაძლოა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ“, - აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ მისი ოჯახის მიმართ თვალთვალი „ცოდნის საკითხია და არა რწმენის“.

პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა, ყურადღება სხვა შესაძლო მსხვერპლებზეც გამახვილდეს, რომლებსაც მისნაირი რესურსები არ გააჩნიათ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი მთავრობა პროკურორებზე ზეწოლას არ ახდენს და მხოლოდ ეროვნული პროკურატურა გადაწყვეტს, რა მასალები გაასაჯაროოს.

ეროვნულ პროკურატურაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იკვლევს, „პეგასუსის“ გამოყენებისას, გადააჭარბეს თუ არა საჯარო მოხელეებმა უფლებამოსილებას და მოვალეობებს, მათ შორის - კანონიერების დაცვის, აუცილებლობის, მიზნისა და პროპორციულობის საკითხებში, ასევე, დანაშაულის პრევენციისა და გამოვლენის გარდა, ხომ არ გამოიყენეს ეს ინსტრუმენტი სხვა მიზნებისთვის.

ტუსკის თქმით, თვალთვალი ყოფილი მმართველი ბანაკის წარმომადგენლებზეც ხორციელდებოდა. მან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზიობროც ახსენა და თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუ თვალთვალის ქვეშ მყოფთა სიაში კონსერვატიული ოპოზიციური პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) პოლიტიკოსებიც აღმოჩნდებიან.

ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის, „სიტიზენ ლაბის“ მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „პეგასუსი“გამოიყენებოდა რამდენიმე საჯარო ფიგურის, მათ შორის, იურისტისა და ამჟამინდელი კანონმდებლის, რომან გერტიხის, პროკურორ ევა ვრჟოსეკის, მაშინდელი სენატორის და ამჟამინდელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას, აგრეთვე „აგროუნიას ლიდერის, მიხალ კოლოძეიჩაკის წინააღმდეგ.

საჯარო წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ იმ პირთა შორის, ვისაც უთვალთვალებდნენ, PiS-ის წევრი ცნობილი პოლიტიკოსებიც იყვნენ.

წყარო: 1tv.ge