პარიზში, პომპიდუს ცენტრი მასშტაბური რესტავრაციისთვის ემზადება და უკვე ამ შემოდგომიდან ეტაპობრივად დახურვას დაიწყებს. თავდაპირველად, ცალკეულ სართულებსა და ექსპონატებზე წვდომა შეიზღუდება დემონტაჟისა და რემონტისთვის მომზადების მიზნით, შემდეგ კი სულ უფრო მეტი ოთახისთვის. სტუმრებისთვის სრულად დახურვა 2025 წლის 22 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
დახურვამდე, დამთვალიერებლებს ელოდებათ ბოლო გამოფენა: ვოლფგანგ ტილმანსის რეტროსპექტული გამოფენა, რომელიც მისი სამ ათწლეულზე მეტ შემოქმედებას მოიცავს, ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის ფართო დარბაზშია განთავსებული. აქ შეგიძლიათ იხილოთ პორტრეტები, ნატურმორტები, არქიტექტურული და დოკუმენტური ფოტოები, ასევე ოსტატის აბსტრაქტული ნამუშევრები.
დახურვის შემდეგ, ცენტრის თანამედროვე ხელოვნების ვრცელი კოლექცია - 120 000-ზე მეტი ნივთი გადაეცემა პარიზის, საფრანგეთის და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს.
მომავალი რესტავრაცია ხუთ წელს გაგრძელდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს გვპირდება: გალერეის ქვეშ მდებარე მიტოვებული ავტობუსების დეპო საგამოფენო პავილიონებად და კინოთეატრებად გადაკეთდება, პირველ სართულზე „ახალი თაობის ცენტრი“ და რესტორანი გაჩნდება, ხოლო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ზედა სართულები სრულად გარემონტდება. ასევე გაიხსნება მეშვიდე სართულზე ტერასა, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო.