მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გლობალური ფინანსური ტენდენციების შეცვლის კვალობაზე, პოლონეთის ცენტრალური ბანკი ამჟამად ევროპის ცენტრალურ ბანკზე მეტ ოქროს რეზერვს ფლობს და ძვირაფასი ლითონის შესყიდვას მომავალშიც გეგმავს.

პოლონეთის ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვებმა 550 მეტრულ ტონას მიაღწია, რითაც ევროპის ცენტრალური ბანკის მაჩვენებელს (506.5 მეტრული ტონა) გადააჭარბა; ოქროს ამ აქტივების ღირებულება 63 მილიარდ ევროზე მეტად არის შეფასებული.

პოლონეთის სავალუტო რეზერვებში ოქროს წილმა 28.2%-ს მიაღწია, რაც მკვეთრი ზრდაა 2024 წლის მაჩვენებელთან (16.9%) შედარებით. ეს მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტრანსფორმაციაა.

„ოქრო საკრედიტო რისკისგან თავისუფალია, სხვა ქვეყნების მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია და მდგრადია ფინანსური შოკების მიმართ“, - განაცხადა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ადამ გლაპინსკიმ, რომელიც ბანკის მიერ ოქროს დაგროვების კამპანიას ხელმძღვანელობს.

„ეს ხელს უწყობს პოლონეთის ეკონომიკის სტაბილურობას“, - დასძინა მან.

გლაპინსკის თქმით, ბანკის მიზანია რეზერვების 700 მეტრულ ტონამდე გაზრდა, რის შემდეგაც ოქროს ზოდების ჯამური ღირებულება 400 მილიარდ ზლოტს (94 მილიარდი ევრო) მიაღწევს.

ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებით, გამოკითხული ცენტრალური ბანკების 95% მომავალ წელს, გლობალურად, ოქროს რეზერვების ზრდას ელოდება. ბევრი მათგანი ოქროს სავალუტო და ფინანსური კრიზისებისგან დაზღვევის საშუალებად და დოლარისგან დივერსიფიკაციის გზად მიიჩნევს.

პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ოქროს ყველაზე მსხვილი შესყიდვები 2025 წლის ბოლოს, ბაზრის მაღალი ვოლატილობის პერიოდში განახორციელა. ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საერთაშორისო მონეტარული ლანდშაფტის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ შეშფოთებასთან.

თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ოქროში სოლიდური სახსრების დაბანდება, რომელიც რეგულარულ ფინანსურ სარგებელს არ იძლევა, შესაძლოა, უფრო პროდუქტიული ინვესტიციების, მაგალითად, ობლიგაციების ხარჯზე მოხდეს.

წყარო: 1 არხი