პოლონეთმა გადაწყვიტა, არ მიიწვიოს უნგრეთის ელჩი ღონისძიებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებას ეძღვნება.
ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ უნგრეთმა თავშესაფარი მისცა პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის, „კანონი და სამართლის” დეპუტატს, მარჩინ რომანოვსკის.
მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, ვარშავაში დაგეგმილ ღონისძიებაზე არც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის მიწვეული.
„მაშინ, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ვიწვევდით სტუმრებს ჩვენს ღონისძიებაზე, ჩვენ მთელი დიპლომატიური კორპუსი დავპატიჟეთ, თუმცა რომანოვსკის საქმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიკორსკიმ გადაწყვიტა, რომ დღეს უნგრეთის ელჩი არ არის სასურველი სტუმარი“, – განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მარჩინ რომანოვსკი, რომელიც პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, 2024 წლის ივლისში დააკავეს „სამართლიანობის ფონდის“ სახსრების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვის გამოძიების ფარგლებში. რომანოვსკი დეკემბრის დასაწყისში გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ის, სავარაუდოდ, მკურნალობას გადიოდა. იმ დღეს, როდესაც ვარშავის საოლქო სასამართლომ რომანოვსკის დაკავების ევროპული ორდერი გასცა, ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.