პოლონეთის სეიმი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. როგორც პოლონური მედია წერს, დღეს, დილიდან კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, რომელსაც მთავრობის ფორმირების მანდატი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა.

თუ დეპუტატების უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს პრემიერ-მინისტრად მორავიეცკის კანდიდატურას, მაშინ, კანონმდებლობის მიხედვით, სეიმის წევრები მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია.

როგორც პოლონური მედია წერს, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თანამდებობაზე დარჩენას სეიმში მხოლოდ 191 დეპუტატი უჭერს მხარს, ხოლო დონალდ ტუსკს 248 კანონმდებელი ემხრობა.

პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, სეიმის მიერ ახალ პრემიერ-მინისტრად არჩეულმა კანდიდატმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა.

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ინაუგურაცია 13 დეკემბერს გაიმართება.