პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს, რომ ოსვენციმში გასამართ ცერემონიაზე ნეთანიაჰუ არ დააპატიმრონ
პოლონეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას, არ დააკავოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუ ის მონაწილეობას მიიღებს ოსვენციმის განთავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ამ თვის ბოლოს ჩატარდება. ამ ინფორმაციას პრეზიდენტ ანჯეი დუდას ოფისი ავრცელებს. გასული წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ღაზას ომთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, რამაც ისრაელისა და მისი მოკავშირეების აღშფოთება გამოიწვია. პოლონეთი, რომელიც ICC-ის წევრია, ვალდებულია დააკავოს ნეთანიაჰუ, თუ ის დაესწრება ცერემონიას, რომელიც წითელი არმიის მიერ ნაცისტური სიკვდილის ბანაკის - ოსვენციმ-ბირკენაუს - განთავისუფლების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. „პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ამ ქვეყნის ყველა ოფიციალურ პირს, უნდა შეეძლოს ამ უნიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, - დაწერა მისმა თანაშემწემ, მალგოჟატა პაპროცკამ „X“ პლატფორმაზე.
დუდამ წერილი გაუგზავნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს და სთხოვა, რომ „უზრუნველყოს ცერემონიაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მონაწილეობა, თუ ის ასეთ სურვილს გამოთქვამს“. ტუსკს პრეზიდენტის თხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის, მუჰამედ დეიფის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. თუმცა, ისრაელის სამხედროების მტკიცებით, ეს უკანასკნელი მათ ღაზაში მოკლეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გააჩნია „საფუძვლიანი არგუმენტების“ იმის დასამტკიცებლად, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს ეკისრებათ „კრიმინალური პასუხისმგებლობა“ ომის დანაშაულისთვის. კერძოდ, ეს არის შიმშილი, როგორც ომის მეთოდი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები - მკვლელობები, მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა და სხვა არაადამიანური ქმედებები.
ოსვენციმ-ბირკენაუს განთავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია 27 იანვარს არის დაგეგმილი და მასში საერთაშორისო დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. ოსვენციმის მუზეუმმა სააგენტო „ფრანს პრესს“ (AFP) განუცხადა, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურმა გერმანიამ, პოლონეთში შეჭრის შემდეგ, იქ სიკვდილის ბანაკი ააგო. ოსვენციმი ნაცისტური გერმანიის მიერ ექვსი მილიონი ებრაელის გენოციდის სიმბოლოდ იქცა, რომელთაგან ერთი მილიონი ებრაელი, ასევე 100 000-ზე მეტი არაებრაელი, ამ ბანაკში 1940-1945 წლებში დაიღუპა.
წყარო: 1 არხი