პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასა და სამუშაო კვირის საათების შეამცირებას გეგმავს.

ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

მთავრობამ დაადასტურა, რომ 2027 წლამდე, ანუ ვადის ამოწურვამდე სამუშაო საათების შესამცირებლად შრომის კოდექსს შეცვლის.

ცვლილებები, კერძოდ, ოთხდღიანი სამუშაო კვირის ან შვიდსაათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითვალისწინებს.

ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრ აგნეშკა ძემიანოვიჩ-ბონკის განცხადებით, „განისაზღვრება, თუ რომელია საუკეთესო ვარიანტი, სამუშაო კვირის, საშუალოდ, 40-დან 35 საათამდე შემცირება თუ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემღება.”

Eurostat-ის მონაცემებით, პოლონელები კვირაში, საშუალოდ, 40,5 საათს მუშაობენ, რაც ევროკავშირში ბერძნების შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია. ევროკავშირის სამუშაო საათების საშუალო მაჩვენებელი 37,5 სთ-ს, მსოფლიოში კი 34,2 სთ-ს შეადგენს.

იდეის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ პოლონეთი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. კერძოდ, 15 წლის წინ ერთ პენსიონერზე ოთხი ადამიანი მოდიოდა, რაც ამჟამად სამზე ნაკლებია, ხოლო 2050 წლისთვის მხოლოდ ორი ადამიანი დარჩება.

შრომის კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გააქტიურდება და მომავალ გაზაფხულზე დასრულდება, რადგან სამუშაო საათების შემცირება მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში დაეხმაროს.

bpn.ge