სასამართლოს წინაშე წარდგება ვარშავის მერიის არქივარიუსი, რომელსაც ბრალად სამოქალაქო რეესტრის დოკუმენტების მოპარვა ედება. ამით ის რუსეთის დაზვერვას ყალბი იდენტობების შექმნაში ეხმარებოდა. ეს ინფორმაცია ყოველდღიურმა პოლონურმა გამოცემა „რეჩპოსპოლიტამ“ ორშაბათს, 13 ოქტომბერს გაავრცელა.
ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მაზოვიეცკის დეპარტამენტის პროკურორები აცხადებენ, რომ მოხელე, რომელიც ტომაშ ლ.-დ არის იდენტიფიცირებული, ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის აგენტი იყო.
„პოტენციური ზიანის მასშტაბის შეფასება რთულია“, – წერს გაზეთი „რეჩპოსპოლიტა“, საქმის მასალებზე დაყრდნობით.
როგორც პოლონური გამოცემა იუწყება, სამოქალაქო რეესტრის არქივში მუშაობისას, ტომაშ ლ.-მ, სავარაუდოდ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული დოკუმენტის ასლი გადაიღო და გადასცა თავის კურატორს - პირს, რომელიც, ფორმალურად, რუსეთის საელჩოს თანამშრომლად ირიცხებოდა და მოგვიანებით პოლონეთიდან გააძევეს.
„2022 წელს პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) მიერ მამაკაცის დაკავებას მოჰყვა დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედი 45 რუსი აგენტის გაძევება, მათ შორის იმ ოფიცრის, რომელიც ტომაშ ლ.-ს კურირებდა“, – წერს გაზეთი.
მასალები, რომლებიც მან, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიტანა, მოიცავდა პოლონეთის მოქალაქეებისა და უცხოელების სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩანაწერებს, დიპლომატიურ მისიებთან მიმოწერას, ოფიციალურ შაბლონებსა და შიდა მითითებებს.
ტომაშ ლ.-ს ბრალად ედება ამ მასალების კოპირება მეხსიერების პირად ბარათებსა და მობილურ ტელეფონზე.
„რეჩპოსპოლიტას“ ცნობით, მოპარული პერსონალური მონაცემები რუსულმა სამსახურებმა შეიძლება გამოიყენონ „მძინარე აგენტებისთვის“ (ე.წ. „არალეგალებისთვის“, რომლებიც საგულდაგულოდ მომზადებული ყალბი ბიოგრაფიებითა და ნასესხები პირადი დეტალებით მოქმედებენ) „მეორადი“ იდენტობების შესაქმნელად.
1tv.ge