ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, იგივე პენტაგონმა ნარკო-ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია „სამხრეთის შუბი“ დაიწყო.

როგორც პიტ ჰეგსეტის უწყებაში აცხადებენ, სამხედრო კამპანიის მიზანი სამხრეთ ნახევარსფეროში ნარკოტიკების არალეგალური გადაზიდვების აღკვეთა იქნება.

პენტაგონში განმარტავენ, რომ ყველა ის ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირებაში იქნება შემჩნეული, ტერორისტად გამოცხადდება და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განადგურდება.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში ქვეყანა ნარკო-კარტელების წინააღმდეგ გაცილებით რბილ მიდგომას მიმართავდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებდა სამიზნეების განადგურებას.