პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და გამოაცხადა, რომ პაკისტანმა ინდოეთთან ომში გამარჯვება მოიპოვა.
შარიფის თქმით, თუკი ვინმე პაკისტანის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის, ის თავის დასაცავად "ყველაფერს გააკეთებს". მანვე დაამატა, რომ პაკისტანი "ძალიან პატივცემული და ღირსეული ქვეყანაა".
"მთლიანი პაკისტანელი ერი წარმატებულია, ეს გამარჯვება მოვიპოვეთ". - თქვა შარიფმა.
პაკისტანის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ინდოეთის მხრიდან ქვეყნის მიმართ კრიტიკა "უსაფუძვლო ბრალდებებია". მისივე მტკიცებით, პაკისტანი საკუთარ "პრინციპებში წარმატებულია".
გარდა ამისა, შარიფმა ინდოეთს საჰაერო იერიშებით პაკისტანელი მშვიდობიანი მცხოვრებების ხოცვასა და მეჩეთების სამიზნეში ამოღებაში დასდო ბრალი.
"მშვიდად არ ვისხდებით, სანამ პაკისტანი თავის დაკარგულ მთლიანობას არ დაიბრუნებს და ღვთის წყალობით ეს დრო შორი არ არის". - თქვა შარიფმა.
შარიფი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებზე ცნობებს არ გამოხმაურებია და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "ყველას საკეთილდღეოდ" დადეს.
"ძალიან პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვართ და ეს გამოვხატეთ. მშვიდობა გვსურს. მშვიდობიანი ერი ვართ. [...] ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველას საკეთილდღეოდ დავდეთ და ამის შესახებ ძალიან პოზიტიურები ვართ". - თქვა შარიფმა.
პაკისტანის პრემიერმა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, პაკისტანის "ძმობილ ქვეყანას", საუდის არაბეთს, თურქეთსა და კატარს. ამასთან, შარიფმა მადლობა გაერთიანებულ სამეფოსა და გაეროს "ლიდერობისთვისა და რჩევისთვის" გადაუხადა, ხოლო "დიდი მადლობა" გადაუხადა ჩინეთს, რომელიც, მისი თქმით, "ყოველთვის ედგა მათ გვერდით, როდესაც პაკისტანს ის სჭირდებოდა".
"მსურს, რომ ნამდვილად გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ის ჩვენ ძალიან კარგად გვეპყრობა". - თქვა შარიფმა.
ცოტა ხნით ადრე, ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის რეგიონის მთავარი მინისტრი ომარ აბდულა ამბობდა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, რეგიონზე შეტევა მიმდინარეობდა.
მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ინდოეთის ქალაქ ჯამუზე დრონებით შეტევა მიმდინარეობდა.
თვითმხილველების თქმით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა სავარაუდო შეტევის ამსახველი ვიდეოებიც, რომლებშიც აფეთქებების ხმა ისმის.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 მაისს განაცხადა, რომ პაკისტანმა და ინდოეთმა აშშ-ს შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
"აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს იშაქ დარს ტელეფონით ესაუბრა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
"სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იშაქ დართან. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზები არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი გათვლები".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაკისტანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 10 მაისს დილით ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.
საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.
პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, 10 მაისის ღამეს ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტები გაისროლა, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
წყარო: tabula.ge