ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულების ზრდასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის თანადამფუძნებლისა და აქციონერის, იენსენ ჰუანგის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, Nvidia-ს აქციების ღირებულების 4%-იანი ზრდის გავლენით, ჰუანგი ახლა $4 მილიარდით უფრო მდიდარია.

კვირის დასაწყისში Nvidia-მ Microsoft-ს გადაასწრო და მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კომპანია გახდა. სამშაბათის მდგომარეობით, Nvidia-ს აქციების ღირებულება, ერთ დღეში, 4%-ით გაიზარდა და აქციაზე $132.89 შეადგინა – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 9 ივლისის ($134.91) შემდეგ. ამჟამად, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში, $3.259-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Nvidia მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ Apple-ს ჩამორჩება.

ჰუანგი Nvidia-ს უმსხვილესი აქციონერია. მილიარდერი ჩიპების ამერიკული მწარმოებლის 75.4 მილიონ აქციას ფლობს. ასევე, სხვადასხვა ტრასტებისა და პარტნიორობების მეშვეობით, მის საკუთრებაში 786 მილიონი აქციაც შედის. სამშაბათის მონაცემებით, კომპანიაში ჰუანგის აქციების ღირებულება, $109.9 მილიარდიდან $114.4 მილიარდამდე გაიზარდა.

მხოლოდ ოქტომბერში Nvidia-ს აქციების ღირებულება 12%-ით გაიზარდა, რამაც ჰუანგის ქონებას დაახლოებით $12.1 მილიარდი შემატა. გარდა ამისა, ჰუანგმა, 14 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, Nvidia-ს $713 მილიონის ღირებულების აქციებიც გაყიდა.

ამჟამად იენსენ ჰუანგი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. ამერიკული Forbes-ი ჰუანგის ქონებას $116 მილიარდად აფასებს.

forbes.ge