თეთრ ლაბორატორიულ ხალათში გამოწყობილი და აირწინაღმომარჯვებული ოლე იორგენ გრონვოლდი დამაინტრიგებელი მუქი ფხვნილის ტენიანობას ზომავს, რომელსაც პლანეტის მომავალ „შავ ოქროდ“ მიიჩნევენ.
მაგრამ ეს „შავი ოქრო“ - ტერმინი, რომლითაც, როგორც წესი, ნავთობს მოიხსენიებენ - სინამდვილეში, უვნებელი და სასარგებლოა. ევროპაში ნახმარი ან დეფექტური ელექტრომობილების ბატარეების უდიდესი გადამამუშავებული ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიაში მდებარეობს. უსარგებლო აკუმულატორებს აქ ფხვნილად, ანუ „შავ მასად“ აქცევენ, რომელიც ნიკელის, მანგანუმის, კობალტის, ლითიუმის და გრაფიტისგან შედგება. ეს ეგრეთ წოდებული „კრიტიკული მინერალები“ - ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი კომპონენტი - გამოყენებული იქნება ახალი ბატარეების დასამზადებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასასვლის გზაზე.
„რაც უფრო მაღალია კომპონენტების ხარისხი, მით უფრო ადვილია მათი გადამუშავება“, - ამბობს ქარხანა „ჰიდროვოლტის“ ლაბორანტი გრონვოლდი („ჰიდროვოლტი“ ნორვეგიული ალუმინის გიგანტის, „ნორსკ ჰიდროსა“ და ელექტრობატარეების შვედური მწარმოებელის, „ნორთვოლტის“ ერთობლივი საწარმოა). ქარხანა გასულ წელს გაიხსნა საპორტო ქალაქ ფრედრიქსტადში. ვარაუდობენ, რომ ის წელიწადში 12 000 ტონა ლითიუმ-იონურ აკუმულატორს გადაამუშავებს და მისგან მიღებული „შავი ოქროსგან“ 25 000 ელექტრომობილის ბატარეის დამზადება იქნება შესაძლებელი. ამ ინდუსტრიის ლიდერი ნორვეგია, სადაც ელექტროენერგია თითქმის მთლიანად განახლებადი წყაროებიდან მიიღება, უდავო მსოფლიო ჩემპიონია ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილების წარმოებაში - ახალი ელექტრომობილების რეგისტრაციის 80 პროცენტზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
„მაღარო მიწის ზემოთ“
ელექტროენერგიისგან დაცლილი, შთამბეჭდავი აკუმულატორის ბლოკები - თითო ნახევარ ტონას მაინც იწონის - მეთოდურად იშლება მასში არსებული მასალების დაახლოებით 95%-ის ამოსაღებად. ალუმინს „ნორსკ ჰიდრო“ ამუშავებს, რომელიც „შავი მასის“ ფხვნილს ბატარეების მწარმოებლებზე ჰყიდის. „ეს არის შავი ოქრო, რომელიც სიცოცხლეს გვაძლევს, - გვითხრა გლენ ოსტბაიმ, „ჰიდროვოლტის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, როდესაც ის, მძიმე ქუდითა და დამცავი სათვალით აღჭურვილი, ქარხანას გვათვალიერებინებდა, - „შავი ოქრო“ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც გადამუშავების და არა მოპოვების გზით მიიღება და შორეული ქვეყნებიდან შემოტანას არ საჭიროებს“.
„ბატარეების გადამუშავება, მრავალი თვალსაზრისით, მაღაროების ალტერნატივაა. ანუ, ჩვენ ავაშენეთ მაღარო მიწის ზემოთ, - ამბობს ქარხანა „ჰიდროვოლტის“ ოპერაციების დირექტორი, ანდრეას ფრეიდენსვანგი, - ახლა უკვე შეგვიძლია, ძველი ბატარეები დაუსრულებლად გარდავქმნათ ახლებად“. ძველი აკუმულატორების გადამუშავება ასევე ხელს უწყობს ევროპის დამოუკიდებლობის გაძლიერებას იმ კონტექსტში, რომ კოვიდპანდემიამ და უკრაინაში ომმა ნათლად წარმოაჩინა „კრიტიკული მინერალების“ ნედლეულის იმპორტზე ევროპის პრობლემური დამოკიდებულება. „ევროპაში გვაქვს დიდი ბაზრები ჩვენი პროდუქციისთვის, მაგრამ არ გვაქვს ბევრი საკუთარი რესურსი“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გარემოს“ („Transport & Environment“) ელექტრომობილობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იულია პოლისკანოვა.
„ჩვენ, სპილენძის, კობალტის ან ნიკელის მოპოვების თვალსაზრისით, სუპერსახელმწიფო არ ვართ, - თქვა მან, - ამიტომ, გადამუშავება უკეთესი ვარიანტია. ნედლეულის გადამუშავება ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლია, ვიდრე ახალი მაღაროს გახსნა“.
ევროპის დამოუკიდებლობა
ორგანიზაცია „ტრანსპორტი და გარემო“-ს მონაცემებით, ძველი ბატარეების გადამუშავებამ, 2030 წლისთვის, შეიძლება მინერალურ ნედლეულზე ევროპის კრიტიკული საჭიროებების 8-12 პროცენტი დააკმაყოფილოს, 2035 წლისთვის კი - 12-დან 14 პროცენტამდე. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ბატარეების უფრო მდგრად და ადვილად გადამუშავებას. როგორც პოლისკანოვა ამტკიცებს, ევროპამ ასევე უნდა შეწყვიტოს ძვირფასი „შავი მასის“ ექსპორტი მესამე ქვეყნებში, პირველ რიგში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, და საკუთარი ჰიდრომეტალურგიული გადამამუშავებელი ქარხნები განავითაროს. ეს არის გადამუშავების ჯაჭვის კიდევ ერთი კრიტიკული რგოლი ფხვნილში შემავალი ლითონების გამოცალკევების პროცესში, რაც ევროპაში ჯერ კიდევ მცირე მასშტაბით ხორციელდება და ამ საქმით მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა დაკავებული, მათ შორის - „რევოლტი“ შვედეთში და „ერამეტი“ საფრანგეთში.
პოლისკანოვას თქმით, სახელმწიფო სუბსიდიებია საჭირო იმისათვის, რომ ბატარეების მწარმოებელმა ახალმა ქარხნებმა მომავალში დღის სინათლე იხილონ და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დახმარებით, უკეთესი ეკოსისტემა შეიქმნას. ფრედრიქსტადში აშენებული ქარხანა საპილოტე პროექტია, ამასთან, „ჰიდროვოლტი“, ერთ ან ორ წელიწადში, მეორე ასეთივე ქარხნის აშენებასაც გეგმავს. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ელექტრომობილების მაღალი ხარისხი, რაც ვადაგასული ბატარეების რეზერვუარმა უნდა უზრუნველყოს, - თქვა ფრეიდენსვანგმა, - ამ საქმეში კი ისეთი ქვეყნების გვეიმედება, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და მეტნაკლებად, შეერთებული შტატები“.