ნავთობის ფასი 3-თვიან მაქსიმუმზეა, რასაც აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის ზრდა და ჩინეთში მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირების გეგმები განაპირობებს. ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
25 ივლისისთვის Brent-ის ნედლი ნავთობი 83 აშშ დოლარი ღირს, რაც ერთი კვირის განმავლობაში 4.2%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება WTI-ის ნედლ ნავთობს, ის ერთ კვირაში 4.7%-ით, ხოლო ერთ თვეში 12.7%-ითაა გაძვირებული.
რუსული Urals-ის ღირებულებაც გაიზარდა და 63.6 დოლარამდეა, რაც ერთ თვეში თითქმის 8 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია და აჭარბებს დიდი შვიდეულის (G7) მიერ დაწესებულ 60-დოლარიან ფასის ჭერს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით შემცირდა და ჯამში 3,382 მლრდ რუბლი შეადგინა.